ახალი ამბები

სომხეთის და საქართველოს ლიდერები ურთიერთობების უფრო გაღრმავების აუცილებლობაზე საუბრობენ

სომხეთის და საქართველოს პრეზიდენტებმა, სერჟ სარგსიანმა და მიხეილ სააკაშვილმა განაცხადეს აჭარაში 28 თებერვალს გამართული შეხვედრის შემდეგ, რომ ისინი შეთანხმდნენ კიდევ უფრო გააღრმავონ ორ ქვეყანას შორის არსებული ”ისედაც ახლო ურთიერთობები”.

სარგსიანი 27-28 თებერვალს საქართველოს ორდღიანი ვიზიტით სტუმრობდა.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა თავის სომეხ კოლეგას ”ძალიან მამაცი ადამიანი” უწოდა და განაცხადა, რომ იგი აღფრთოვანებულია იმ შედეგებით, რომელსაც მან სომხეთში მიაღწია. მან ასევე განაცხადა, რომ ისინი ორი ქვეყნის ეკონომიკების ”ინტეგრაციაზე” შეთანხმდნენ. ”ჩვენ ორი პატარა ქვეყანა ვართ და ერთმანეთი გვჭირდება… დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება,” – განაცხადა სააკაშვილმა.

პრეზიდენტმა სარგსიანმა განაცხადა, რომ იგი ძალიან მოხარულია ამ შეხვედრის გამო და დასძინა, რომ 2010 წელი იქნება ორმხრივი ურთიერთობების შემდგომი გაღრმავების წელი.

სომხეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ორმა პრეზიდენტმა ასევე განიხილეს საქართველოსა და რუსეთს შორის საზღვრის გახსნასთან დაკავშირებული საკითხები. ყაზბეგი-ზემო ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტები, რომლის საშუალებითაც სომხეთს სახმელეთო მიმოსვლა აქვს რუსეთთან საქართველოს გავლით, 1 მარტს გაიხსნა.

სომხეთის პრეზიდენტის ვიზიტის პირველ დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა ბათუმში: ”მინდა მივესალმო ჩემი და ჩვენი ქვეყნის დიდ მეგობარს, სომხეთის პრეზიდენტს”.

”ამ ორ ქვეყანას ჯერ არასდროს ჰქონია ასეთი უღრუბლო ურთიერთობები და ახლო პარტნიორიობა,” – განაცხადა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ბათუმის ქუჩებში თავის სომეხ კოლეგასთან გასეირნების შემდეგ.    

პრეზიდენტმა საგსიანმა მადლობა გადაუხადა თავის ქართველ კოლეგას ”თბილი მიღებისთვის” და განაცხადა, რომ ორ ქვეყანას ”ნამდვილად ძალიან კარგი ურთიერთობები აქვთ”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button