skip to content
ახალი ამბები

ხელისუფლების წარმომადგენლები ”მისტრალზე” საფრანგეთ-რუსეთის გარიგებას აკრიტიკებენ

საფრანგეთი დათანხმდა, რომ უნივერსალური სადესანტო ხომალდი “მისტრალი” რუსეთს მიყიდოს. ამ გარიგების შესრულების შემთხვევაში, ეს იქნება პირველი შემთხვევა, როცა ნატოს წევრი ქვეყანა რუსეთზე მნიშვნელოვან სამხედრო გაყიდვას ახორციელებს.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან დავით დარჩიაშვილმა განაცხადა 9 თებერვალს პარლამენტის სხდომაზე გამოსვლისას, რომ ეს იყო საფრანგეთის ”გაუფრთხილებელი და არაადექვატური გადაწყვეტილება”.

”აბსოლუტურად მიუღებელია, როდესაც მოკავშირე იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც არ შეესაბამება უსაფრთხოების უზრუნველყოფას რეგიონში,” – განაცხადა დარჩიაშვილმა, რომელიც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეა.

”ეს შემაშფოთებელი ფაქტია, როდესაც ნატოს წევრი სახელმწიფო სამხედრო ხომალდს აგრესორ ქვეყანაზე ყიდის… ვფიქრობ, პარლამენტმა რეაგირება უნდა მოახდინოს და განცხადება მიიღოს ამ საკითხზე,” – განაცხადა დეპუტატმა პაატა დავითაიამ, რომელიც საპარლამენტო უმცირესობის წევრია.   

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა 9 თებერვალს განაცხადა, რომ ”მისტრალის” რუსეთისთვის მიყიდვაზე თანხმობა კიდევ უფრო უსვამს ხაზს საქართველოს ნატოში შესვლის საჭიროებას. მისი თქმით, ეს ”უსაფრთხოების ერთადერთი გარანტიაა”, რადგან საქართველო ვერ შეძლებს შეეჯიბროს რუსეთს შეიარაღებაში. მან ასევე იმედი გამოთქვა, რომ ”მისტრალთან” დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილება საფრანგეთს, როცა ამის დრო მოვა, გაუადვილებს საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე დათანხმებას.

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა გასულ კვირას  Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ ხომალდის შესაძლო მიყიდვა იმის მაჩვენებელი იქნება, რომ დასავლეთი ეთანხმება რუსეთის ყოფნას საქართველოს ტერიტორიაზე და კიდევ უფრო გაზრდის რუსეთის სამხედრო ზეწოლის არეალს მის ირგვლივ არსებულ ქვეყნებზე.

”ისინი ამბობენ: თუ ჩვენ გვექნება ხომალდი, ჩვენ ჩავთვლით, რომ შეგვეძლება მისი გამოყენება იქ, სადაც დაგვჭირდება. ისინი არ თვლიან, რომ რამენაირად შეზღუდულები არიან,” – განაცხადა მან.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა შარშან ნოემბერში პარიზში, რომ თბილისი ”უკიდურესადაა შეშფოთებული” რუსეთის მიერ სამხედრო ხომალდის შესაძლო შეძენის გამო.

რუსეთის საზღვაო ძალების მეთაურმა ვლადიმერ ვისოცკიმ განაცხადა სექტემბერში, რომ ”მისტრალის” კლასის ხომალდი საშუალებას მისცემდა რუსეთის საზღვაო ძალებს უფრო ეფექტური ოპერაცია განეხორციელებინათ შავ ზღვაზე საქართველოსთან აგვისტოს ომის დროს. მან ასევე განაცხადა, რომ ამ ხომალდს მხოლოდ 40 წუთი დასჭირდება იმ ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც რუსეთის შავი ზღვის ფლოტი 26 საათში ასრულებდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button