ახალი ამბები

პარლამენტმა სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებები პირველი მოსმენით მიიღო

პარლამენტმა პირველი მოსმენით დაამტკიცა ცვლილებათა ორი პროექტი სისხლის სამართლის კოდექსში, რომლებიც სასჯელთა შეკრებითობის წესის შეცვლას და არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ასაკის 12-დან 14 წლამდე ზრდას ითვალისწინებს.

კანონპროექტის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში,  ყველაზე მძიმე სასჯელს დაემატება დანარჩენი სასჯელების ნახევარი ან სრული ოდენობა, როგორც ამას სასამართლო მიიჩნევს მიზანშეწონილად. მოქმედი ნორმის მიხედვით, დანაშაულების ერთობლიობისას სასჯელები სრული ოდენობით იკრიბებოდა. აღნიშნულ ცვლილებას უკუქმედების ძალა არ ექნება.

ცვლილებების მეორე პროექტის თანახმად, არასრულწლოვანთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ქვედა ზღვარი 12-დან 14 წლამდე აიწევს.

საქართველომ ეს ზღვარი 14-დან 12 წლამდე 2007 წელს დაწია, რასაც ადგილობრივი და საერთაშორისო უფლებადამცავი ორგანიზაციების კრიტიკა მოჰყვა. შეცვლილი კანონი ძალაში 2008 წლის ივლისში შევიდა, თუმცა რეალურად ის გამოყენებული არ ყოფილა. იუსტიციის სამინისტრომ ამ მუხლის ამოქმედებაზე მორატორიუმი დააწესა, იმ დრომდე ვიდრე არ შეიქმნებოდა ცალკე, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების სისტემა.

9 თებერვალს პირველი მოსმენით მიღებული ცვლილებებით არასრულწლოვანებისთვის გარკვეული შეღავათები დაწესდება. კერძოდ, თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, პროკურორს ექნება უფლება შეწყვიტოს სისხლისსამართლებრივი დევნა იმ პირის მიმართ, რომელმაც ჩაიდინა ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული და დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის მას არ მიუღწევია 18 წლის ასაკისთვის. განსაკუთრებით მძიმე დანაშაულზე აღნიშნული ნორმა არ გავრცელდება.

საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ 9 თებერვალს პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ სისხლის სამართლის პოლიტიკის ”ლიბერალიზაციისკენ” გადადგმული ეს ნაბიჯები განაპირობა ბოლო წლებში განხორციელებულმა ”მკაცრმა და სწორმა” პოლიტიკამ, რომელმაც  ”მნიშვნელოვანი შედეგები” მოიტანა კრიმინოგენული ვითარების დაძლევისა და დანაშაულის კლების კუთხით.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button