ახალი ამბები

ტიმოშენკო ქართველი დამკვირვებლების მადლობელია

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა და საპრეზიდენტო კანდიდატმა იულია ტიმოშენკომ განაცხადა, რომ ის საქართველოს მადლიერია დამკვირვებლების გამოგზავნის გამო. მან უარყო ის ვარაუდები, რომ ქართველი დამკვირვებლები არჩევნების დესტაბილიზაციას გეგმავდნენ და მას პარტია რეგიონების მიერ მოწყობილი ”იაფი პროვოკაცია” უწოდა.

”არჩევნების პირველმა ტურმა გვიჩვენა, რომ ქართველი დამკვირვებლები დამკვირვებლებად მუაობდნენ და მე ამისთვის მათი მადლიერი ვარ,” – განაცხადა ტიმოშენკომ ”უკრაინსკაია პრავდა”-სთან ინტერვიუში.

ტიმოშენკომ დაადასტურა, რომ მას და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის ჩაწერილი სატელეფონო საუბარი, რომელიც 17 იანვრის არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა, ნამდვილია. სატელეფონო საუბრისას ტიმოშენკო და სააკაშვილი საუბრობენ უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის უარზე ქართველ დამკვირვებელთა დიდი ჯგუფის დარეგისტრირებასთან დაკავშირებით. რუსულად საუბრისას სააკაშვილი აღნიშნავს, რომ თბილისმა დამკვირვებელთა ”კომპეტენტური” და ”ბრძოლისუნარიანი” ჯგუფი გააგზავნა. სწორედ ამ სიტყვაზე გაამახვილეს ყურადღება ტიმოშენკოს ოპონენტებმა და იმაში დაადანაშაულეს, რომ ის საქართველოს პრეზიდენტთან უკრაინაში ”მებრძოლების” ჩასვლის საკითხს განიხილავდა არჩევნების დესტაბილიზაციის მიზნით, კონკრეტულად  კი ქალაქ დონეცკში, რომელიც კიდევ ერთი საპრეზიდენტო კანდიდატის და პარტია რეგიონების ლიდერის ვიქტორ იანუკოვიჩის პოლიტიკურ დასაყრდენს წარმოადგენს.

”ის [სააკაშვილი] ქმედითუნარიან დამკვირვებლებს გულისხმობდა და არა ნინძა-მებრძოლებს,” – განაცხადა ტიმოშენკომ, ”მართლა გჯერათ, რომ პრეზიდენტს შეუძლია დაურეკოს პრემიერ-მინისტრს და საეჭვო რამეები შესთავაზოს?”       

კითხვაზე იცის, თუ არა მან საიდან მოხდა სატელეფონო საუბრის ჩაწერა, ”საქართველოდან, უკრაინიდან ან მესამე ქვეყნიდან,” ტიმოშენკომ უპასუხა: ”არ მინდა ამის განხილვა და ამაზე ყურადღების გამახვილება”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button