ახალი ამბები

”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების” სწავლება სკოლებში სექტემბრიდან დაიწყება

სკოლებში ”სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების” ახალი საგნის სწავლება  სპეციალური პროგრამის პილოტირების შემდეგ, სექტემბრიდან დაიწყება, განაცხადა განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ 20 იანვარს.

ინიციატივა სკოლებში ”სამხედრო-პატრიოტული აღზრდის” დანერგვის საჭიროებაზე პრეზიდენტმა სააკაშვილმა 12 იანვარს გააჟღერა. მისი თქმით, ეს სისტემა ”მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დაცვის საქმეში”. მოგვიანებით განიმარტა, რომ ეს იდეა გულისხმობს ”მხედრული სულისკვეთების გაღვივებას” და სამხედრო უნარ-ჩვევების სწავლებას.

თუმცა განათლების სამინისტრო 20 იანვარს აცხადებს: ”კურსი გაითვალისწინებს ისეთ საკითხებს, როგორიცაა სამოქალაქო თავდაცვა, საგზაო უსაფრთხოება, პირველადი სამედიცინო დახმარება, ქართული ჯარის ისტორია და ქართული არმიის შეიარაღების მიმოხილვა”. 

სამინისტროს ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც აპრილში სასწავლო კურსის კონცეფციაზე მუშაობა დასრულდება, განხორციელდება მისი პილოტირება და მიღებული შედეგების ანალიზის საფუძველზე სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების კურსი სკოლებში სავალდებულო საგანი გახდება.  

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button