ახალი ამბები

პრეზიდენტის ადმინისტრაცია ”სამხედრო-პატრიოტული აღზრდის” არსს განმარტავს

პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ განმარტა პრეზიდენტის იმ ინიციატივის არსი, რომელიც სკოლებში სამხედრო-პატრიოტული აღზრდის სწავლების ”ახლებური მეთოდით” აღდგენას ითვალისწინებს.

”სამხედრო-პატრიოტული აღზრდა გულისხმობს სამოქალაქო თავდაცვის სწავლებას, მხედრული სულისკვეთების გაღვივებას – ის რაც ქართველებსა და საქართველოში ისტორიულად მცხოვრებ ხალხებს ყოველთვის ბუნებაში ჰქონდათ, ასევე საქართველოს სამხედრო ისტორიის სწავლებას,”- განაცხადა მანჯგალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე.

სწავლებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების თადარიგის ოფიცრები ჩაერთვებიან, რომლებიც სპეციალურ ტრეინიგებსა და სასწავლო კურსებს გაივლიან, – დასძინა მან. 

საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბაჩო ახალაიამ 13 იანვარს განაცხადა, რომ სკოლებში სამხედრო დისციპლინის დანერგვა მომავალი სასწავლო წლიდან დაიწყება და ის ასევე მოიცავს სამხედრო უნარ-ჩვევების და შეიარაღების შესახებ სწავლებას.

პრეზიდენტი სააკაშვილი აღნიშნული ინიციატივით 12 იანვარს, ბათუმში პედაგოგებთან და მოსწავლეებთან შეხვედრის დროს განათლების სფეროში დაგეგმილ რეფორმებზე საუბრისას გამოვიდა. 

”[სამხედრო-პატრიოტული აღზრდა] ეს ელემენტარულად საჭიროა იმისათვის, რომ ბავშვებმა მინიმუმ ბევრი რაღაცა გაიგონ თავის ქვეყანაზე და ღმერთმა არ დაგვაჭიროს, მაგრამ როგორც ვნახეთ და ყველაფერი შეიძლება მოხდეს, საქართველოს და ქართველებს უნდა შეეძლოთ თავისი სოფლის დაცვა მაინც და თავისი უბნის. და საქართველოში იქმნება ეს სისტემა, რომელიც მოგვცემს საშუალებას, რომ ყველა ადამიანი იყოს ჩართული ქვეყნის დაცვის საქმეში. მარტო 16, 20, 22 ათასი ჩვენი ჯარისკაცი 5 მლნ-იან ქვეყანას ვერ დაიცავს. 5 მლნ-იანი ქვეყანა ეს არის პირველ რიგში ამ 5 მლნ-ის საქმე, ისევე როგორც საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების საქმე,” – განაცხადა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button