ახალი ამბები

ევროპელი დამკვირვებლები ცხინვალს ოსი მოქალაქის დაკავების ფაქტთან დაკავშირებით ესტუმრნენ

ევროკავშირის მონიტორინგის მისიის დამკვირვებლები 5 იანვარს ცხინვალში სეპარატისტული ხელისუფლებისა და რუსეთის სამხედრო ძალების წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა განეხილათ ქართველი სამართალდამცავების მიერ 4 იანვარს ოსი მოქალაქის დაკავების ფაქტი.

ეს ევროპელი დამკვირვებლების პირველი ვიზიტი იყო ცხინვალში.

საქართველოს შსს-მ განაცხადა, რომ შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის თანამშრომლებმა გენადი ფლიევი, ”ოსური უკანონო  ბანდფორმირების წევრი” ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით და ხელყუმბარებით შეიარაღებული 4 იანვარს სოფელ ნიქოზში დააკავეს.

თუმცა სეპარატისტულმა ხელისუფლებამ განაცხადა, რომ ფლიევი, რომელიც, მათი ინფორმაციით, ”სახელმწიფო დაცვის სამსახურის თანამშრომელი” იყო, ქართველმა პოლიციელებმა ”გაიტაცეს” ცხინვალის შემოგარენიდან, ”სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრიდან, დაახლოებით, 400-500 მეტრის სიღრმეში”.

ევროკავშირის დამკვირვებლებს აჩვენეს ის ადგილი, სადაც სამხრეთ ოსური მხარის მტკიცებით,  ფლიევი დააკავეს.

დაკავების გარემოებების შესახებ ”ამ დროისთვის ჩვენ ზუსტი დასკვნა არ გაგვაჩნია”, – განუცხადა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესსპიკერმა Civil.ge-ს 6 იანვარს.

მისი თქმით, ევროპელი დამკვირვებლებმა მონახულეს როგორც დაკავებული ფლიევი, ასევე მისი ოჯახის წევრები. ზოგიერთი სამხრეთ ოსური წყაროს ცნობით, ფლიევი შესაძლოა დაჭრილიყო დაკავებისას, თუმცა ევროკავშირის დამკვირვებლებმა ეს არ დაადასტურეს და აღნიშნეს, რომ ფლიევი ”შედარებით კარგ მდგომარეობაშია.”

მერაბ ჩიგოევმა, პოსტკონფლიქტური მოგვარების საკითხებში სამხრეთ ოსეთის სეპარატისტი ლიდერის ოფიციალური წარმომადგენლის მოადგილემ განაცხადა, რომ ცხინვალმა ”მიიწვია ევროკავშირის დამკვირვებლები სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე გამონაკლისი შემთხვევის სახით”, რათა მათ მისცემოდათ შესაძლებლობა ამ კონკრეტული ინციდენტის გარემოებები შეესწავლათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button