
“ჯორჯიან ეარვეისი”: რუსეთში პირდაპირი ჩარტერული ფრენები 6-25 იანვარს განხორციელდება
ქართული ავიაკომპანია "ჯორჯიან ეარვეისი" აცხადებს, რომ რუსეთში პირდაპირი ჩარტერული რეისებს 6-25 იანვარს შეასრულებს, ნაცვლად საახალწლოდ დაგეგმილი ფრენებისა.
”იმის გამო, რომ ნებართვის შესახებ ინფორმაცია მოვიდა [რუსეთიდან 28 დეკემბერს] საღამოს 7 საათზე, ჩვენ ვერ ვასწრებთ საახალწლოდ ჩარტერული რეისების შესრულებას,”- განაცხადა კომპანიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ნინო გიორგობიანმა.
თუმცა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ქართულ მხარეს აკისრებს პასუხისმგებლობას იმის გამო, რომ საახალწლოდ ფრენების განხორციელება ვერ მოხერხდება.
სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენელი ანდრეი ნესტერენკო საგანგებო განცხადებაში განმარტავს, რომ საკითხის ”ჰუმანიტარული ხასიათიდან” გამომდინარე, მოსკოვი დათანხმდა ჩარტერული რეისების დანიშვნას და თხოვა ქართულ საავიაციო ხელმძღვანელობას ტექნიკური ინფორმაციის ”რაც შეიძლება სწრაფად” დაზუსტება, რაზეც პასუხი ხუთი დღის დაგვიანებით მიიღო.
მისი თქმით, თბილისის ”ბიუროკრატიულმა ხრიკებმა” შეუძლებელი გახადა ავირეისების დროული განხორციელება, რასაც ”ასე ელოდნენ ადამიანები რუსეთსა და საქართველოში. როგორც ჩანს სწორედ ამაში მდგომარეობდა ოფიციალური თბილისის მიზანი”.
ამასთან, ”ინტერფაქსის” იტყობინება, რომ ჩარტერულ ფრენებზე თანხმობა რუსეთის ტრანსპორტის სამინისტრომ 29 და 30 დეკემბრისთვის გასცა.
"ჯორჯიან ეარვეის"-მა 22 დეკემბერს განაცხადა, რომ რუსეთის საავიაციო ხელისუფლებას მიმართა განაცხადით 26 დეკემბრიდან 15 იანვრამდე ჩარტერულ რეისებზე ნებართვის მისაღებად, ხოლო 5 იანვრიდან რეგულარული პირდაპირი ფრენების აღდგენის თხოვნით.
რუსეთმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენები 2006 წლის ოქტომბერში შეწყვიტა, რასაც წინ უძღოდა ჯაშუშებთან დაკავშირებული სკანდალი ორ ქვეყანას შორის. ფრენები 2008 წლის გაზაფხულზე აღდგა, თუმცა მალევე შეწყდა რუსეთ-საქართველოს შარშანდელი აგვისტოს ომის შემდეგ.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)