skip to content
ახალი ამბები

რუსულენოვანი “პირველი კავკასიური” იანვრიდან დაიწყებს მაუწყებლობას

საზოგადოებრივი მაუწყებლის ბაზაზე მესამე ტელეარხი ”პირველი კავკასიური” მაუწყებლობას იანვრიდან დაიწყებს და ამ რუსულენოვანი არხის სამიზნე აუდიტორია პოსტ-საბჭოთა სივრცე იქნება.

ამის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს თავმჯდომარემ ლევან გახელაძემ რადიო ”თავისუფლების” ქართულ სამსახურს დღეს განუცხადა.

”მიზანი ვინმესთვის შეიძლება ჩანდეს როგორც კონტრ-პროპაგანდა რუსული სატელევიზიო არხების და არ გამოვრიცხავ, რომ ეს ასეც არის,” – განაცხადა მან, ”მეორეს მხრივ ეს არის საქართველოს შესახებ სიმართლის გატანის სურვილი”

”ჩვენ გვინდა ჩვენი სიმართლე, რომელიც ძალიან აინტერესებს [ტელეარხის სამიზნე] აუდიტორიას, ვაუწყოთ მათ,”- აღნიშნა გახელაძემ და აქვე დასძინა, რომ მაუწყებლობა სატელიტისა და საკაბელო ქსელების მეშვეობითაც გავრცელდება.   

მისი ინფორმაციით, საინფორმაციო გადაცემების 70% დაეთმობა საქართველოში მიმდინარე მოვლენების გაშუქებას, დანარჩენი კი – მსოფლიოს, მათ შორის რუსეთის, კერძოდ კი ჩრდილოეთ კავკასიის ამბებს.

”ჩვენ გვინდა ვთქვათ სიმართლე რა ხდება რუსეთშიც – და მარტო ჩრდილო კავკასიაში არა – მათ შორის მოსკოვშიც,” – განაცხადა გახელაძემ.

მისი თქმით, ამ არხთან თანამშრომლობის სურვილი ”ძალიან თვალსაჩინო რუს ჟურნალისტებს” აქვთ.

პარლამენტი 25 დეკემბერს მესამე მოსმენით დაამტკიცებს მაუწყებლობის კანონში იმ ცვლილებებს, რომელიც ეხება საზოგადოებრივი მაუწყებელზე არსებულ ორ სატელევიზიო სიხშირეზე კიდევ ერთის დამატებას და ასევე მაუწყებლის ბიუჯეტიდან დაფინანსებას მთლიანი შიდა პროდუქტის არანაკლებ 0.12%-ით.

მომავალ წელს საზოგადოებრივ მაუწყებელს 22 მლნ ლარი აქვს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი, წელს არსებული 25 მლნ ლარის ნაცვლად.

გახელაძის თქმით, ”პირველი კავკასიურის” ყოველწლიური დაფინანსება, დაახლოებით, 3 მლნ ლარი იქნება.

ამასთან, საბიუჯეტო თანხების გარდა,  საზოგადოებრივ მაუწყებელი ელის, რომ 2010 წელს დამატებით, არასაბიუჯეტო შემოსავლების სახით დაახლოებით 6-7 მილიონ ლარს მიიღებს. არასაბიუჯეტო შემოსავლებში, გახელაძის თქმით, შედის რეკლამიდან და გაქირავებიდან მისაღები თანხები. საზოგადოებრივ მაუწყებელს ე.წ. პრაიმტაიმში რეკლამის განთავსება ეკრძალება, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც პრაიმტაიმში სპორტული ტრანსლაციები ხორციელდება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button