ახალი ამბები

კიწმარიშვილის თქმით, მას ნასესხები 45 ათასი აშშ დოლარი წაართვეს

ეროსი კიწმარიშვილმა, ტელეკომპანია ”რუსთავი 2”-ის ყოფილმა თანამფლობელმა, რომელიც ამჟამად ტელეკომპანია ”მაესტროს” მართავს, ხელისუფლება დაადანაშაულა 45 000 აშშ დოლარის წართმევაში, რომელიც ”მაესტროს ამჟამინდელი ფინანსური პრობლემების მოსაგვარებლად იყო განკუთვნილი”.

ეროსი კიწმარიშვილმა განაცხადა 22 დეკემბერს, რომ ფული, რომელიც მან ”ქიბარ ხალვაშისგან ისესხა კურიერს” წაართვეს – ირაკლი ოქრუაშვილის ყოფილ მძღოლს, რომელსაც 19 დეკემბერს უნდა გადაეცა მისთვის ეს თანხა.

მისი თქმით, ”კურიერი” უცნობმა პირებმა თბილისის ცენტრში კიწმარიშვილის სახლის წინ გააჩერეს და გაძარცვეს. მისი თქმით, ძარცვა იმ ადგილას მოხდა, სადაც უსაფრთხოების კამერებია დამონტაჟებული და სურვილის შემთხვევაში სამართალდამცავები შეძლებენ ამ საქმის გარკვევას. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვობს, რომ ”სპეცსამსახურების” ხელი ურევია ძარცვაში, რაც, მისი თქმით, მიზნად ისახავდა ტელეკომპანია მაესტროსთვის ”პრობლემების შექმნას”.

”საჯაროდ მოვიხდი ბოდიშს, თუ ვცდები და თუ სამართალდამცავი სტრუქტურები გაარკვევენ ამ საქმეს,” – განაცხადა მან.  

შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური წარმომადგენლებისგან კომენტარის მოპოვება ვერ მოხერხდა.

მას შემდეგ, რაც ნოემბერში ტელეკომპანია ”მაესტროს” მართვის უფლება კიწმარიშვილის ხელში გადავიდა, ამ უკანასკნელმა განაცხადა, რომ სახსრების მოზიდვა ტელეკომპანიისთვის მისი ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი იქნება. მან განაცხადა 21 დეკემბერს, რომ ევროპაში მისი ბოლო ვიზიტის დროს ის ირაკლი ოქრუაშვილს შეხვდა და დაფინანსების საკითხები განიხილა, ხოლო ოქრუაშვილის ახლო მეგობრისგან, ქიბარ ხალვაშისგან სესხის მიღება სწორედ ამ მოლაპარაკებების შედეგი იყო.  

This post is also available in: English (ინგლისური)

მსგავსი/Related

Back to top button