skip to content
ახალი ამბები

რასმუსენმა მოსკოვში საქართველოზე იმსჯელა

ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მოსკოვში 15-17 დეკემბერს ვიზიტის ფარგლებში რუსეთის ხელმძღვანელობასთან სხვა საკითხებთან ერთად საქართველოს თემაც განიხილა.

მან რადიოსადგურ ”ეხო მოსკვისთვის” მიცემულ ინტერვიუში განაცხადა, რომ საქართველოს საკითხზე უთანხმოება ”ჩვენი მსჯელობის მნიშვნელოვანი ნაწილი” იყო და ”ჩვენ არ ვყინავთ ამ საკითხს”.

თუმცა მან იქვე დასძინა, რომ ამ უთანხმოებამ არ უნდა გამოიწვიოს სხვა მიმართულებებით ნატო-რუსეთის ურთიერთობების ”პარალიზება”. 

“ჩვენ შევთანხმდით, რომ უთანხმოებებმა ზოგიერთ სფეროებში არ უნდა მოახდინოს ჩვენ პარალიზება; მათ არ უნდა დაჩრდილონ ის, რომ ჩვენ საზიარო ინტერესები გვაქვს სხვა სფეროებში; ამიტომ, მოდით ყურადღება გავამახვილოთ პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ტერორიზმთან ბრძოლაში, პრაქტიკულ თანამშრომლობაზე ავღანეთის საკითხზე, ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობაზე, მეკობრეობის წინააღმდეგ ბრძოლაზე,” – განაცხადა მან.

რასმუსენის თქმით, რუსეთს სრულად არ შეუსრულებია ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება და ”ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ რუსეთს შეასრულოს თავისი ვალდებულებები”.

”ჩვენ დაჟინებით მოვითხოვთ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრულ პატივისცემას. და ჩვენ გამოვდიოდით საქართველოდან რუსული ჯარების გაყვანის მოთხოვნით. ვფიქრობ, რომ ყველა ქვეყანას და ყოველ მათგანს აქვს უფლება თვითონ გადაწყვიტოს მოკავშირეობის საკითხები, ეს ეხება საქართველოს, უკრაინას და სხვა ქვეყნებს,”- განაცხადა რასმუსენმა.

მისი თქმით, კვლავ ძალაშია 2008 წლის ბუქარესტის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან ალიანსის წევრები, მაგრამ მათ ამისთვის უნდა დააკმაყოფილონ ”საჭირო კრიტერიუმები”.

”ეხო მოსკვის” ჟურნალისტის კითხვაზე, ამზადებს თუ არა მისი ინფორმაციით საქართველო სამხედრო რევანშს, რასმუსენმა უპასუხა: ”სრულიადაც არა და ნება მიბოძეთ ვთქვა შემდეგი  – მე არ ვფიქრობ, რომ უზარმაზარი რუსეთის ფედერაცია უნდა თვლიდეს, რომ პატარა საქართველოდან საფრთხე ემუქრება. და მე მოვუწოდებდი რუსეთს უზრუნველყოს მშვიდობიანი თანამშრომლობა ყველა მეზობელთან”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button