ახალი ამბები

თბილისის თქმით, ცხინვალში 14 ქართველია დაკავებული

საქართველოს ხელისუფლებამ 15 დეკემბერს განაცხადა, რომ სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში 14 ქართველი უკანონოდაა დაკავებული.

ყველა მათგანი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ არიან დაკავებული, ”ძირითადად რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ და ამჟამად საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით იმყოფებიან ცხინვალში”, ნათქვამია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

მათ შორის არიან სამი მოზარდი – ორი ნოემბერში და ერთიც ივლისში დაკავებული.

”საერთაშორისო თანამეგობრობამ, განსაკუთრებით კი ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებმა და ევროსაბჭოს ადამიანის უფლებების უმაღლესმა კომისარმა [თომას ჰამერბერგმა] უნდა გაააქტიურონ ძალისხმევა იმისათვის, რომ საერთაშორისო სამართლის სრული დარღვევით დაკავებული სამივე არასრულწლოვანი დაუყოვნებლივ იქნას გათავისუფლებული,”- განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სეპარატისტული ხელისუფლების ინფორმაციით, ცხინვალის ციხეში 16 ქართველი იმყოფება, მათ შორის ისინიც, რომლებიც ცხინვალის თქმით, აგვისტოს ომამდე დააკავეს. სეპარატისტები ითხოვენ ”ყველას ყველაზე გაცვლას”, იმათი ჩათვლით, ვინც ქართულმა სასამართლომ სხვადასხვა დანაშაულებისთვის აგვისტოს ომამდე გაასამართლა.

საქართველოს საგარეო უწყებამ ასევე განაცხადა, რომ ქართულმა მხარემ ”კეთილი ნების ჟესტად უკვე გაათავისუფლა ცხინვალის რეგიონის რამდენიმე მკვიდრი, რომლებიც 2008 წელს საომარი მოქმედებისას, ან აქტიური საბრძოლო მოქმედებების დასრულებიდან მალევე იქნენ დაკავებულნი დანაშაულის ისეთ ფაქტებზე, როგორიცაა ყაჩაღობა, მაროდიორობა და იარაღის უკანონო შენახვა”.

თბილისმა 2 დეკემბერს ცხინვალს ხუთი ოსი გადასცა, რასაც მოჰყვა იმავე დღეს ცხინვალის იზოლატორიდან ორი ქართველი მოზარდის გათავისუფლება.

”ქართულ მხარეს მიაჩნია, რომ ომით და ოკუპაციით გახლეჩილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენას და ადგილზე ვითარების სტაბილიზაციას ხელს შეუწყობს ყველა დაკავებული ადამიანის უპირობოდ გათავისუფლება,”- აცხადებს საგარეო საქმეთა სამინისტრო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button