ახალი ამბები

დეპუტატებმა მერების პირდაპირ არჩევნების პრინციპზე იკამათეს

მმართველი პარტიის დეპუტატებმა განაცხადეს, რომ არ უჭერენ მხარს ყველა თვითმმართველი ქალაქის მერის პირდაპირი წესით არჩევას, როგორც ეს თბილისშია დაგეგმილი, რაც, მათი თქმით, ასევე ”ნაჩქარევი” და ”არასწორი”, თუმცა პოლიტიკური კომპრომისების საჭიროებით ნაკარნახევი გადაწყვეტილება იყო.

”არასწორი გზით წავედით თბილისში,”- განაცხადა ვიცე-სპიკერმა მიხეილ მაჭავარიანმა მმართველი პარტიიდან, ”ჩვენ ახლა ამოცანა გაგვირთულდა  – ჩვენ მერის არჩევნებიც უნდა მოვიგოთ და აუცილებლად მოვიგებთ ამ არჩევნებს და  საკრებულოშიც უნდა გვყავდეს უმრავლესობა, რომ არჩეულ მერს საკრებულოში არ შეექმნას მერე მთავარ გადაწყვეტილებებზე პრობლემა”.

ამ თემაზე პარლამენტში დებატები თვითმმართველობის საკითხებზე საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტის განხილვისას დაიწყო. სხდომაზე დეპუტატებმა უმცირესობიდან გამოთქვეს პრეტენზიები იმის გამო, თუ რატომ არ ირჩევა პირდაპირ მერები თვითმმართველ ქალაქებში – ქუთაისში, ბათუმში, რუსთავსა და ფოთში.

”შეირგეთ ეს პოლიტიკური შეთანხმება [თბილისთან დაკავშირებით],”- მიმართა ოპოზიციონერებს დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი ბობოხიძემ, ”ეს გაკეთდა არა იმიტომ, რომ ეს ასე მიგვაჩნია სწორად, არამედ პოლიტიკური შეთანხმების და კონსენსუსის ხათრით”.

დღეს პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო თბილისის შესახებ კანონში ცვლილებები, რომლის მიხედვითაც თბილისს ეყოლება პირდაპირ არჩეული მერი. აქედან გამომდინარე, მისი ურთიერთობები საკრებულოსთან იქნება სხვაგვარი, კერძოდ, მისთვის  უნდობლობის გამოცხადების კომპეტენცია საკრებულოს ვეღარ ექნება. ასევე თბილისის მერად კენჭისყრის უფლება ექნება საქართველოს მოქალაქეს 25 წლის ასაკიდან, რომელსაც 10 წელი მაინც უცხოვრია საქართველოში. ცვლილებების თანახმად, პირველ ვიცე–მერს დანიშნავს მერი, ოღონდ საკრებულოს შემადგენლობიდან. 

თვითმმართველობის კანონში ცვლილებების პროექტის თანახმად, რომელიც ასევე პირველი მოსმენით იქნა მიღებული, რეგიონებში გამგებლის დასახელების უფლება კონკურსის გზით შერჩევის შემდეგ საკრებულოს თავმჯდომარეს, მაგრამ მისი გათავისუფლების უფლებამოსილება საკრებულოს ექნება. 

დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატიული პარტიიდან ლევან ვეფხვაძემ მოითხოვა, რომ ქალაქების (გარდა თბილისისა) საკრებულოების შემადგენლობა 30 წევრით განისაზღვროს, რომელთაგან 20 პარტიული სიით არჩეული დეპუტატი იქნება, ათი კი – მაჟორიტარი.

მიხეილ მაჭავარიანმა განაცხადა, რომ მმართველი პარტია მზადაა წავიდეს ”გონივრულ კომპრომისზე” და გაზარდოს საკრებულოებში პროპორციული წესით არჩეული დეპუტატების ოდენობა, რათა ”რეგიონების საკრებულოებში უფრო მეტად იყოს ოპოზიცია წარმოდგენილი”.

ამჟამად, თვითმმართველ ქალაქებში 15-წევრიანი საკრებულო მოქმედებს –  10 წევრი პროპორციული, ხოლო 5 მაჟორიტარული სისტემით აირჩევა. ამასთან, კანონი არ ავალდებულებს, რომ ქუთაისის, ბათუმის, რუსთავის და ფოთის მერები აუცილებლად საკრებულოს შემადგენლობიდან იყოს არჩეული. 

ამ ქალაქების საკრებულოების შემადგენლობა, მიუხედევად ამომჩეველთა მეტი რაოდენობისა, რიგ შემთხვევებში ნაკლებია რეგიონების სხვა მუნიციპალიტეტების საკრებულოებში არსებულ წევრთა რაოდენობაზე, სადაც 10 პროპორციული წესით არჩეული დეპუტატი და იმდენი მაჟორიტარია წარმოდგენილი, რამდენი მაჟორიტარული ოლქიც არსებობს კონკრეტულ მუნიციპალიტეტში. ამდენად, საკრებულოების წევრთა ოდენობა ქვეყნის მასშტაბით 14-დან 41-მდე მერყეობს.

იმავდროულად, პავლე კუბლაშვილმა იურიდიულ საკითხთა საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ლიახვისა და კოდორის ხეობის საკრებულოებს, რომლებიც 2006 წელს იქნა არჩეული, სავარაუდოდ, გაუგრძელდებათ უფლებამოსილება ამ ტერიტორიებზე თბილისის იურისდიქციის აღდგენამდე.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button