ახალი ამბები

ვაშაძე რუსეთის მოქალაქეობაზე უარს ამბობს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, რომ ის უარს ამბობს რუსეთის მოქალაქეობაზე.

ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა რუსეთის სათათბიროში გამართული დისკუსია. 3 ნოემბერს რუსული მედია იტყობინებოდა, რომ რუსეთის სათათბიროს დეპუტატმა სემიონ ბაგდასაროვმა მოითხოვა გრიგოლ ვაშაძისთვის რუსული პასპორტის ჩამორთმევა მისი ანტირუსული პოზიციის გამო. თუმცა სათათბირო არ დაეთანხმა ამ მოთხოვნას იმ მოტივით, რომ ეს ინიციატივა რუსეთის კონსტიტუციას ეწინააღმდეგებოდა.

”ცოტა დააგვიანა რუსეთის სახელმწიფო სათათბირომ. გუშინ დავწერე განცხადება რუსეთის პრეზიდენტის სახელზე, კონვერტში ჩემი პასპორტი ჩავდე და ამით ამოვწურე მოვალეობები, როგორც რუსეთის მოქალაქემ,”- განუცხადა ვაშაძემ 4 ნოემბერს ჟურნალისტებს, ”მე რუსეთის მოქალაქე აღარ ვარ”  

ვაშაძე, რომელიც დაახლოებით 30 წლის მანძილზე ცხოვრობდა რუსეთში, 1981-1988 წლებში საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. შარშან დეკემბერში საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტზე დანიშვნის შემდეგ მან განაცხადა, რომ რუსეთის მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ მიიღო, ხოლო საქართველოს მოქალაქეობა 2007 წელს საქართველოს პრეზიდენტის სპეციალური განკარგულებით მიენიჭა.

ერთ-ერთ ინტერვიუში, რომელიც მისი გამინისტრების შემდეგ გამოქვეყნდა, კითხვაზე უნდოდა თუ არა მას აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთის მოქალაქეობაზე უარის თქმა, ვაშაძემ უპასუხა: ”არა, მე არ მაქვს რუსეთის ხელისუფლების მოქალაქეობა. მთავრობა წავა, მაგრამ რუსეთი და რუსი ხალხი დარჩება და ისინი სწორ შეფასებებს მისცემენ იმას, თუ რა მოხდა აგვისტოში”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button