skip to content
ახალი ამბები

ქრისტიან-დემოკრატები თბილისის მერის კანდიდატურას არჩევენ

საპარლამენტო უმცირესობისა და ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ განაცხადა, რომ მისი პარტია თბილისის მერობის კანდიდატურის შერჩევის მიზნით აქტიურ კონსულტაციებს მართავს.

”ჩვენი ამოცანაა, რომ ქრისტიან-დემოკრატებს არჩევნებში თბილისის მერობის კანდიდატად წარმოადგენდეს ადამიანი, რომელსაც აქვს ძალიან მნიშვნელოვანი სამეურნეო გამოცდილება, რომლის სახელიც დაკავშირებული იქნება შენებასთან და არა ნგრევასთან,”- განაცხადა მან 2 ნოემბერს და დასძინა, რომ დაახლოებით, ერთ თვეში წარადგენენ კანდიდატს, რომელიც შესაძლოა პარტიის წევრი არც იყოს.

მისი თქმით, ქრისტიან დემოკრატებს მიაჩნიათ, რომ ”ყველა პოლიტიკურ პარტიას უნდა ჰქონდეს თავისი შეთავაზება” და წარადგინოს ხელისუფლების კანდიდატურის ”ალტერნატივა” მაისში დაგეგმილ ადგილობრივ არჩევნებში, რომელიც ოფიციალურად ჯერ არ დანიშნულა.

ამ მოსაზრების საპირისპირო მიდგომას უჭერს მხარს არასაპარლამენტო ოპოზიციის ნაწილი, მათ შორის კონსერვატორები და ხალხის პარტია, რომლებიც მიიჩნევენ, რომ თბილისის მერის ერთიანი კანდიდატი უნდა დაუპირისპიროს ოპოზიციამ ხელისუფლებას, რომელიც ე.წ. პრაიმერის გზით შეირჩევა.

”ხალხის პარტიის მერობის კანდიდატი ვარ მე, კობა დავითაშვილი,”- განუცხადა დავითაშვილმა საზოგადოებრივ მაუწყებელს 2 ნოემბერს, ”და მოვუწოდებ ყველა კანდიდატს, რომელიც უკვე დასახელდა, ვგულისხმობ, ბატონ ალასანიას ან ვისაც სურს არჩევნებში მონაწილეობა, აქტიურად ჩაერთონ ოპოზიციის ერთიანი კანდიდატის გამოვლენის პროცესში, წინასწარი არჩევნების ანუ პრაიმერის გზით”.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ოქტომბრის დასაწყისში საგაზეთო ინტერვიუში განაცხადა, რომ პრაიმერის ”სწორ იდეას” მხარს უჭერს.

პრაიმერი ოპოზიციონერ კოლეგებს კონსერვატორებმა 11 სექტემბერს შესთავაზეს. ალიანსმა საქართველოსთვის კი მერობის კანდიდატად ირაკლი ალასანია, ხოლო საკრებულოს თავმჯდომარეობის პრეტენდენტად ალიანსის ახალი სახე და ყოფილი ომბუდსმენი სოზარ სუბარი 22 სექტემბერს დაასახელა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button