
ოპოზიცია პანკისის ხეობაში მონიტორინგისკენ მოუწოდებს
საპარლამენტო უმცირესობიდან ქრისტიან-დემოკრატებმა დღეს პანკისის ხეობის მონიტორინგის მიზნით სპეციალური ჯგუფის შექმნისაკენ მოუწოდეს. ანალოგიური განცხადება ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ერთი კვირის წინ გააკეთა.
13 ოქტომბერს რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ხელმძღვანელმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა განაცხადა, რომ ქართული სპეცსამსახურები ”ალ-ყაიდას” ემისრებს მებრძოლებისა და შეიარაღების ჩეჩნეთსა და დაღესტანში გაგზავნაში ეხმარებოდნენ. ამ ბრალდებებს საქართველოს ხელისუფლებამ ”აბსურდული” უწოდა.
19 ოქტომბერს ”კვირის პალიტრაში” გამოქვეყნებულ ინტერვიუში ირაკლი ალასანიამ ბრალდებების გასაბათილებლად მოუწოდა ხელისუფლებას დაუყოვნებლად მიეღო ზომები და პანკისის ხეობაში დიპლომატიური კორპუსისა და მედიის წარმომადგენლების მონიტორინგი მოეწყო. ”შევახვედროთ ისინი მოსახლეობას. ადგილობრივმა სამართალდამცავებმა კი უნდა დაუხატონ ოპერატიული ვითარების რეალური სურათი პანკისის ხეობაში. ეს რაც შეიძლება სწრაფად არის გასაკეთებელი,”- განაცხადა მან ინტერვიუში.
დღევანდელ პრესკონფერენციაზე დეპუტატმა ქრისტიან-დემოკრატებიდან ნიკა ლალიაშვილმა ანალოგიური ინიციატივა გაახმოვანა და განაცხადა, რომ მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც ქართველი და უცხოელი ექსპერტებით, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლებით დაკომპლექტდება, 29 ოქტომბერს ეწვევა პანკისის ხეობას საქართველოში ტერორისტების არსებობის თაობაზე რუსეთის ბრალდებების უსაფუძვლობის დასამტკიცებლად.
ამასთან, ქრისტიან-დემოკრატების ლიდერმა გიორგი თარგამაძემ ამ საკითხზე პარლამენტში არსებული ნდობის ჯგუფის შეკრება მოითხოვა.
“მიგვაჩნია, რომ ეს ყველაფერი კეთდება მომავალში მორიგი პროვოკაციის გასამართლებლად. შესაბამისად იზრდება საქართველოს წინააღმდეგ სამხედრო ესკალაციის რისკი,”– განაცხადა თარგამაძემ და დასძინა, რომ მოვლენები ზუსტად ისე ვითარდება, როგორც წლების წინ პანკისის კრიზისი იწყებოდა 2001 წელს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)