ახალი ამბები

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრა

პროგრესი დემოკრატიაში, კანონის უზენაესობა და ადამიანის უფლებები მნიშვნელოვანი პირობაა ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის გასაღრმავებლად, განაცხადა ევროკავშირმა 26 ოქტომბერს ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს შეხვედრის შემდეგ.

ევროკავშირი-საქართველოს თანამშრომლობის საბჭოს ფარგლებში უკვე მეათე შეხვედრა გაიმართა ბრიუსელში, რომელსაც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე თავმჯდომარეობდა. ქართულ მხარეს შეხვედრაზე ასევე წარმოადგენდა ვიცე-პრემიერი და სახელმწიფო მინისტრი ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძე. ევროკავშირის დელეგაციას წარმოადგენდა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყნის, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრი კარლ ბილდტი; შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს ევროკომისარმა საგარეო ურთიერთობების და ევროპის სამეზობლო პოლიტიკის საკითხებში ბენიტა ფერერო-ვალდნერმა; აღმოსავლეთ ევროპის საკითხთა გენერალური დირექტორის მოადგილემ ხუან ხოსე რუბიო დე ურქუიამ, რომელიც მომავალ თავმჯდომარე ქვეყანას, ესპანეთს წარმოადგენდა და ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ.

შეხვედრის შემდეგ გავრცელებულ პრეს-რელიზში ევროკავშირის საბჭომ განაცხადა, რომ შეხვედრამ შექმნა ”დროული შესაძლებლობა, რათა შეფასებულ იქნას საქართველოს პოლიტიკური მოვლენები, ასევე პოლიტიკური და ეკონომიკური რეფორმების პროგრესი, კერძოდ პრეზიდენტ სააკაშვილის მიერ 2008 წლის სექტემბერში გამოცხადებული ”დემოკრატიული რეფორმების მეორე ტალღა”.

”ევროკავშირმა ხაზი გაუსვა დემოკრატიაში, კანონის უზენაესობაში და ადამიანის უფლებებში საჭირო პროგრესის მნიშვნელობას, რაც წარმოადგენს მნიშვნელოვან პირობას ევროკავშირსა და საქართველოს შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში ორმხრივი თანამშრომლობის გასაღრმავებლად,” – ნათქვამია პრეს-რელიზში.

”ევროკავშირმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ ფუნდამენტური თავისუფლებები, ასევე გამოხატვის თავისუფლება და მედიის თავისუფლება საქართველოსთან ორმხრივი დიალოგის მნიშვნელოვანი ელემენტებია. მან კიდევ ერთხელ გამოხატა სურვილი განაგრძოს მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული ინსტიტუტების შემდგომი განვითარების საქმეში, მათ შორის ევროპის სამეზობლო პოლიტიკის და აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში,”- ხაზგასმულია პრეს-რელიზში.

შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე საუბრისას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირს ”იდეების და წინადადებების” გამო, რაც მიზნად ისახავს ”საქართველოს დემოკრატიის ხარისხის გაზრდას” და პირობა დადო, რომ თბილისი ”ფართოდ” გამოიყენებს ორგანიზაციის გამოცდილებას ამ სფეროში, იტყობინება რადიო ”თავისუფლება”.

ევროკავშირმა განაცხადა, რომ თანამშრომლობის საბჭომ ასევე განიხილა ”ევროკავშირის გაზრდილი როლი კონფლიქტების მოგვარებაში”, კერძოდ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ადგილზე ყოფნის გზით, ასევე ევროკავშირის როლი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებში და აგვისტოს ომის შემდეგ დაპირებული გაზრდილი ფინანსური დახმარება.

”ევროკავშირმა ხაზი გაუსვა მის მზადყოფნას წვლილი შეიტანოს საქართველოს უსაფრთხოების და სტაბილურობის საქმეში, რაც დამოუკიდებლობის, სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების სრულ პატივისცემას ეფუძნება; და ასევე კონფლიქტების მშვიდობიანი და ხანგრძლივი მოგვარების საქმეში,” – განაცხადა ევროკავშირმა.

”ჩვენ ევროკავშირის მადლიერი ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის, დამოუკიდებლობის და სუვერენიტეტის ურყევი მხარდაჭერის გამო,” – იტყობინება რადიო ”თავისუფლება” გრიგოლ ვაშაძის სიტყვებზე დაყრდნობით, ”ჩვენი კოლეგების ყურადღებას მივაპყრობთ იმ ფაქტზე, რომ რუსეთი არც ერთ იმ ვალდებულებას არ ასრულებს, რომელიც 2008 წლის 12 აგვისტოს [ცეცლის შეწყვეტის] შეთანხმებით იკისრა”.

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button