skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი მინისტრებს ”ეკონომიკური პროგრამის ახალ ეტაპზე” გადასვლის მითითებას აძლევს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”გაუმჯობესდა მაკროეკონომიკური პარამეტრები”, მთავრობა ახლა ”ეკონომიკური პროგრამის მომდევნო ეტაპზე” უნდა გადავიდეს.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ეს განცხადება 18 სექტემბერს მთავრობის ეკონომიკურ გუნდთან შეხვედრაზე გააკეთა. შეხვედრას ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ნიკა გილაური, ფინანსთა მინისტრი კახა ბაინდურაშვილი და ეკონომიკის მინისტრი ზურაბ პოლოლიკაშვილი.

სააკაშვილის თქმით, მთავრობამ უნდა მოამზადოს და პარლამენტს წარუდგინოს ახალი პაკეტი, რათა ”შევძლოთ უფრო მყარი გარანტიების შექმნა საკუთრებისთვის, უფრო მყარი გარანტიების შექმნა ზოგადად ინვესტიციებისთვის, უფრო მყარი გარანტიების შექმნა და შესაძლებლობების შექმნა ჩვენი საზოგადოებისთვის, რომ გაიუმჯობესონ ეკონომიკური მდგომარეობა”.

ფინანსთა მინისტრმა ბაინდურაშვილმა უთხრა პრეზიდენტს, რომ ”გადასახადების აკრეფა გაუმჯობესდა, კრიზისი გადავიდა მილევად რეჟიმში და ეკონომიკა დასტაბილურდა”.

”წინ გზა ბევრია გასავლელი იმისთვის, რომ მივაღწიოთ გასული წლების ზრდის პატამეტრებს; ამ მხრივ, ყველაზე მნიშვნელოვანი იქნება სწორედ  უცხოური ინვესტიციების მოზიდვა,” – დასძინა მან.

საქართველოს სტატისტიკის დეპარტამენტის ცნობით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 2009 წლის პირველ ნახევარში 226.1 მილიონ აშშ დოლარამდე შემცირდა, 2008 წლის ანალოგიური პერიოდის 1.143 მილიარდ აშშ დოლართან შედარებით.

სააკაშვილმა უთხრა მინისტრებს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მაკროეკონომიკური მაჩვენებლები გაუმჯობესდა, ”ზოგადად, მოხმარების დონე საკმაოდ დაბალია”.

”ეს ნიშნავს, რომ მოსახლეობის ჯიბეები არის საკმაოდ ცარიელი. იმისათვის, რომ ეს ჯიბე შეივსოს – ამის შანსი ახლა გაჩნდა და ახლა შეგვიძლია, რომ სინათლე დავინახოთ გვირაბის ბოლოს – სანამ ამ გვირაბის ბოლომდე მივალთ, ახლა ძალიან ენერგიული მოქმედებაა საჭირო,” – განაცხადა სააკაშვილმა.

მან ასევე უთხრა მინისტრებს მივიდნენ პარლამენტში და ანგარიში ჩააბარონ თავიანთი საქმიანობის და საზოგადოებასთან დიალოგის შედეგების შესახებ. მას მხედველობაში ჰქონდა თბილისში და კიდევ რამოდენიმე დიდ ქალაქში განხორციელებული მთავრობის გამოფენა-ანგარიში.

”მეც წავრდგები თქვენთან ერთად პარლამენტში და მეც წარმოვადგენ ჩვენს ანგარიშს და ჩვენს ხედვას დაფუძნებულს იმ ცოდნაზე და სიბრძნეზე, რომელიც ჩვენ ხალხისგან მივიღეთ,” – დასძინა სააკაშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button