skip to content
ახალი ამბები

სააკაშვილი: ვარდების რევოლუციის მთავარი დაპირება შესრულებულია

პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა 9 სექტემბერს, რომ საქართველოს მთავრობამ თანაბარი შესაძლებლობები და შანსები შექმნა ყველასთვის და ამგვარი ქმედებით მან შეასრულა ვარდების რევოლუციის მთავარი დაპირება.

მისი თქმით, მსოფლიო ბანკის კვლევა 2010 წელს ბიზნესის კეთების სიმარტივის თვალსაზრისით, რომელშიც საქართველომ მე-11 ადგილი დაიკავა, ამ სიტყვების ნათელი დასტურია.

”საქართველო მსოფლიოს თითქმის 200 ქვეყანაში გადმოვიდა მე-11 ადგილზე,” – განაცხადა სააკაშვილში თელავში ხალხისადმი მთავრობის ანგარიშის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას. ანალოგიური ღონისძიება შაბათს თბილისშიც გაიმართა.

”[მსოფლიო ბანკს] მიაჩნია, რომ მსოფლიოში დღეს არის მხოლოდ 10 ქვეყანა, რომელშიც ცოტათი უფრო ადვილია ბიზნესის კეთება, ვიდრე საქართველოში და არის კიდევ 190 ქვეყანა, რომელშიც უფრო ძნელია ბიზნესის კეთება,” – განაგრძო პრეზიდენტმა, ”პირველ ხუთეულში, რომ შევალთ და აუცილებლად შევალთ, ვიქნებით ჰონკონგზე და სინგაპურზე უკეთესი არა, მაგრამ შეიძლება ამერიკასაც გავუსწროთ შესაძლებლობების თვალსაზრისით”.  

”ეს ნიშნავს იმას, რომ მთავრობამ შეძლო მთავარი დაპირების განხორციელება, რომელიც მოგვცა ვარდების რევოლუციამ, მთავრობამ შეძლო შესაძლებლობების გაჩენა ჩვენი ხალხისთვის, რომ ვიცხოვროთ უკეთესად, პერსპექტივის და მომავლის იმედის გაჩენა, მთავრობამ შეძლო შანსის მიცემა ჩვენი ხალხისთვის. ახლა უკვე ყველა ჩვენგანზეა დამოკიდებული – ჩემზე, გილაურზე, მინისტრებზე და ყველა თქვენზე, მაგრამ პირველ რიგში ჩვენ ბიზნესმენებზე გამოვიყენებთ თუ არა ამ შანსს,” – განაცხადა სააკაშვილმა.

სიტყვით გამოსვლისას სააკაშვილი უზარმაზარი ბანერის ფონზე იდგა, რომელზეც ასახული იყო Doing Business-ის  რეიტინგი. სააკაშვილის ხელმარჯვნივ იდგა ურემი, საბჭოთა-დროინდელი ”ზაპოროჟეცი” და ”ვოლგა გაზ-21”, ხოლო მარცხნივ – ძველი ”ოპელ ვექტრა” და ახალი ”მერსედეს” კაბრიოლეტი.

სააკაშვილმა სადემონსტრაციო მანქანები იმისთვის გამოიყენა, რომ შეედარებინა, თუ რა წარმატებას მიაღწია საქართველომ Doing Business-ის რეიტინგში ბოლო წლებში 112-ე ადგილიდან  ანუ ურმიდან – მე-11 ადგილამდე ანუ ახალ მერსედეს კაბრიოლეტამდე.

”ახლა საქართველოს წინ იშლება ძალიან დიდი პერსპექტივა… ყველანი ერთად მოვახერხებთ ამ კაბრიოლეტით უკეთეს ცხოვრებაში გადასვლას,” – განაცხადა მან.

”მე დღეს ამ მანქანით ვაპირებ გომბორის გზის პირველი 10 კმ-ის, ევროპული სტანდარტებით გაკეთებული 10 კმ-ის გახსნას,” – განაცხადა სააკაშვილმა და მერსედესს საჭესთან მიუჯდა.

 

This post is also available in: English Русский

Back to top button