skip to content
ახალი ამბები

თბილისის განცხადებით დასავლეთი შარშანდელთან შედარებით უფრო ყურადღებით ადევნებს თვალს საქართველოს

საქართველოს ხელისუფლების მაღალჩინოსნებმა განაცხადეს 5 აგვისტოს, რომ შარშანდელი აგვისტოსგან განსხვავებით, ახლა დასავლელი პარტნიორები უფრო ყურადღებით აკვირდებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს, რაც, მათი თქმით, მნიშვნელოვანი შემაკავებელი ფაქტორია რუსეთისთვის. 

საქართველოს ეროვნული უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განაცხადა, რომ აშშ-ს და რუსეთის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარმა, რასაც მოყვა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ სააკაშვილსა და აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის, უჩვენა, რომ ”შარშანდელი აგვისტოსგან განსხვავებით, ახლა საერთაშორისო თანამეგობრობა მზადაა მყისიერი რეაგირებისთვის” რუსული აგრესიის განახლების შემთხვევაში.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განაცხადა, რომ ინტენსიური მაღალი დონის დიპლომატიური კონტაქტები იმაზე მიანიშნებს, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ”აღარ გაიმეორებს იგივე შეცდომას, რაც [ბუშის] ადმინისტრაციამ დაუშვა შარშან, როდესაც მან არ დაიჯერა, რომ რუსეთი გადადგამდა ამგვარ ნაბიჯს” და თავს დაესხმებოდა საქართველოს.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა განუცხადა ტელეკომპანია ”იმედს” 5 აგვისტოს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ”პროვოკაციების” საფრთხე რუსების მიერ ოკუპირებული ტერიტორიიდან კვლავ არსებობს, არანაირი ნიშანი არ ჩანს, რომ რუსეთის მხრიდან შარშანდელის მსგავსი აგრესია კვლავ შეიძლება განმეორდეს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button