
ევროკავშირის მონიტორინგის მისია ერთი წლით გაგრძელდა
ევროკავშირმა 27 ივლისს საქართველოში მონიტორინგის მისიის მანდატი კიდევ ერთი წლით, 2010 წლის 14 სექტემბრამდე გააგრძელა.
ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების საგარეო საქმეთა მინისტრების გადაწყვეტილებაში, რომელიც ბრიუსელში შეხვედრის შემდეგ მიიღეს, ნათქვამია, რომ მისია ”ადგილზე მთავარ მასტაბილიზირებელ ფაქტორად რჩება”.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრებმა ასევე აღნიშნეს თავიანთ გადაწყვეტილებაში, რომ მისიის მანდატი მთელ საქართველოს ფარავს და განაცხადეს რომ მონიტორებს აქვთ უფლება დაბრკოლების გარეშე შევიდნენ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში, ”რაზეც მათ ჯერ კიდევ უარს ეუბნებიან.”
ევროკავშირმა ასევე მოუწოდა მხარეებს ”სრულად შეასრულონ” მათზე დაკისრებული ვალდებულებები და გაიყვანონ სამხედრო ძალები აგვისტოს ომამდე არსებულ პოზიციებზე. ეს მოწოდება რუსეთს ეხება, რადგანაც ევროკავშირის მონიტორინგის მისიამ რამდენჯერმე უკვე განაცხადა, რომ საქართველო ასრულებს თავის ვალდებულებებს.
მისიაში ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების ჩართვის საკითხი ბრიუსელში 27 ივლისს გამართულ საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე განხილული არ ყოფილა, იტყობინება ”როიტერი”.
”ნაადრევია იმაზე საუბარი უნდა შეიცვალოს თუ არა ამჟამინდელი მანდატის, ან იმაზე უნდა მოხდეს თუ არა ევროკავშირის არაწევრი სახელმწიფოების მონაწილეობა მისიაში,” – იტყობინება ”როიტერი” იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრის ფრანკო ფრატინის სიტყვებზე დაყრდნობით.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)