
ბაქრაძე: აშშ განაგრძობს საქართველოს მტკიცე მხარდაჭერას
პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტთან ჯო ბაიდენთან გამართული დღევანდელი შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ აშშ განაგრძობს საქართველოს მხარდაჭერას და ამაში ეჭვი არავის არ უნდა შეეპაროს.
მისი თქმით, „მთავარი მესიჯი, რომელიც ვიცე–პრეზიდენტმა გააჟღერა მისი სახელით, პრეზიდენტის სახელით და ახალი ადმინისტრაციის სახელით, იყო ძალიან მკაფიო და ძალიან ზუსტი, ეს გახლავთ სიგნალი და მესიჯი იმის თაობაზე, რომ აშშ აგრძელებს და გააგრძელებს საქართველოს დახმარებას და ქართულ–ამერიკული ურთიერთობები იქნება კარგი და კიდევ უფრო უკეთესი, როგორიც ეს იყო მთელი წლების განმავლობაში. ეს არის მთავარი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც მიღებულია ვაშინგტონშიც, რომელიც, ბუნებრივია არსებობს თბილისშიც, და ეს არის ის გადაწყვეტილება, რომელიც იქნება საფუძველი ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობების“.
ამ მხარდაჭერის პოლიტიკის კონკრეტულ ელემენტებზე საუბრისას დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ „ჩვენ განვიხილეთ ყველა კონკრეტული ელემენტი, რომელიც მნიშვნელოვანია ამ მხარდაჭერის უფრო სპეციფიურ სფეროებში გადასაყვანად“.
„პირველ რიგში ჩვენ ვისაუბრეთ ოკუპაციის პრობლემაზე, ვისაუბრეთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაზე და იმ საფრთხეზე, რომელსაც ქვეყანას უქმნის რუსეთის უკანონო სამხედრო ყოფნა აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში“ – აღნიშნა მან, – „მეორე ელემენტი, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ ამ მხარდაჭერის პოლიტიკის, გახლავთ აშშ–ის ეკონომიკური მხარდაჭერა, და მე შეგახსნებთ, რომ სწორედ ბატონ ბაიდენის მიერ ინიცირებულ მილიარდდოლარიან შეთავაზებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა დონორების მხარდაჭერის მოსაპოვებლად, და ეს ის თანხაა, რომელიც დღეს გვეხმარება გადავჭრათ ძალიან ბევრი პრობლემა საქართველოში“.
„შემდეგი ელემენტი ამ მხარდაჭერის პოლიტიკის, რომელზეც ჩვენ ვისაუბრეთ, იყო საქართველოს საგარეო პილიტიკის პრიორიტეტები, მათ შორის ნატოში გაწევრიანების პროცესის ხელშეწყობა, განსაკუთრებით იმ გადაწყვეტილების ფონზე და იმ გადაწყვეტილების გამოყენებით, რომელიც მიღებულ იქნა ავღანეთში ქართველი სამშვიდობოების განლაგებასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ბაქრაძემ, – „და კიდევ ერთი ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი ჩვენი თანამშრომლობის გახლავთ აშშ–ის დახმარება და თანადგომა საქართველოში შიდა რეფორმების, ინსტიტუციონალური გრძელვადიანი რეფორმების განხორციელების პროცესში“.
„ყველა ამ მიმართულებით არის კონკრეტული ინიციატივები. ამ პოლიტიკური ელემენტების საბოლოდ ჩამოყალიბებას და გაფორმებას სჭირდება დრო. ამ ელემენტების ნაწილზე უკვე მიმდინარეობს მუშაობა სტრატეგიული თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში. თუმცა განვმეორდები, მთავარი, რაც ჩვენ მივიღეთ ვიცე–პრეზიდენტისგან სრულიად მკაფიოდ, არის ის, რომ ყველა ეს პოლიტიკური ელემენტი ემსახურება ძირითად ამოცანას, და ეს ამოცანა არის საქართველოს მხარდაჭერის გაგრძელება აშშ–ის მხრიდან და ამასთან დაკავშირებით არანაირი კითხვის ნიშანი არ უნდა არსებობდეს“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.