
ბაიდენის თქმით, მისი ვიზიტი მხარდაჭერის ნათელი სიგნალია
აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა თბილისში, რომ მისი ვიზიტი მიზნად ისახავს ”არაორაზროვანი, ნათელი გზავნილის გაგზავნას ყველასთვის, ვინც მოისმენს და მათთვის, ვისაც არ უნდა მოსმენა”, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს გვერდით დგას და მომავალშიც განაგრძობს მის გვერდით დგომას.
ბაიდენი თბილისში ჩამოსვლიდან ცოტა ხანში მის საპატივსაცემოდ გამართულ სადილზე გამოვიდა სიტყვით, რომელსაც პრეზიდენტი სააკაშვილი მასპინძლობდა.
ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მხარი დაუჭირა საქართველოს, რადგანაც ”ჩვენ პირველ რიგში შთაგვაგონა თქვენმა სწრაფვამ დამოუკიდებლობისკენ”.
ბაიდენმა ასევე განაცხადა, რომ ვარდების რევოლუცია იყო ”თავისუფლების მოყვარული ხალხის” გამოძახილი. ”ის, რაც თქვენ ნამდვილად განავრცეთ საქართველოს საზღვრებს მიღმა,” – განაცხადა მან.
მისი თქმით, აშშ-ის პარტნიორობა საქართველოსთან გულისხმობს უსაფრთოების კუთხით არსებული გამოწვევების მოგვარებას, ენერგოუსაფრთხოებას და დემოკრატიის საზიარო ღირებულებებს.
”თქვენ იმ ინსტიტუციონალური ატრიბუტიკის მშენებლობის პროცესში ხართ, რომელიც ქვეყანას სჭირდება დემოკრატიის შესანარჩუნებლად,” – განაცხადა ბაიდენმა.
”მსოფლიოს ბევრი ხალხი გიყურებთ თქვენ, რათა დაინახოს შეძლებთ თუ არა თქვენ [ვარდების] რევოლუციის მიზნების განხორციელებას და დემოკრატიის ფესვების ძალიან ღრმად გადგმას,” – განაცხადა მან. ”გარკვეულწილად, ახლა ყველაზე რთული ნაწილია დარჩენილი”.
პრეზიდენტმა სააკაშვილმა, რომელმაც ბაიდენი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, უთხრა ვიცე-პრეზიდენტს, რომ ის იყო საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი.
”როგორც იცით, ჩვენ მოვახერხეთ აქ რაღაცის აშენება, რაც არასდროს არსებობდა რეგიონში – თანამედროვე, ფუნქციონირებადი სახელმწიფო,” – მიმართა სააკაშვილმა აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს.
”ჩვენ შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ვიცით, რომ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი,” – განაცხადა სააკაშვილმა და დასძინა, რომ ამ მიზნით მან 20 ივლისს პარლამენტში გამოსვლისას წამოაყენა წინადადებები უფრო მეტი დემოკრატიული რეფორმების განხორციელებისთვის.
მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის მიმდინარე საპროტესტო აქცია სწორედ დემოკრატიის ნაწილია.
სააკაშვილმა ასევე განაცხადა, რომ მისი საპრეზიდენტო სასახლე, სადაც სტუმრის საპატივსაცემოდ ოფიციალური სადილი გაიმართა, ”ოკუპირებული ტერიტორიებიდან მხოლოდ 25 მილში მდებარეობს” – მას ახალგორის რაიონი ჰქონდა მხედველობაში.
პრეზიდენტმა უთხრა ბაიდენს, რომ ის ამას იმიტომ არ ამბობს, რომ იგი შეაშინოს.
”მე ვიცი, რომ თქვენი შეშინება ძალიან რთულია,” – დასძინა სააკაშვილმა და გაიხსენა ბაიდენის ვიზიტი საქართველოში 2008 წლის 18 აგვისტოს, საომარი მოქმედებების დასრულებიდან დაახლოებით ერთ კვირაში.
სააკაშვილმა განაცხადა, რომ მიუხედავად რუსეთის ფართომასშტაბიანი თავდასხმისა, ”ქართველი ხალხი მედგრად დგას” და ”ჩვენ არასდროს დავნებდებით”.
”მაშინ როცა იარაღს გვიშვერენ… ჩვენ მიგვაჩნია, რომ დემოკრატია ახლა უფრო საჭიროა, ვიდრე ოდესმე; მოდით ნათლად გამოვხატავ ჩემ აზრს: ჩვენთვის არ ვცვლით დემოკრატიას უსაფთხოებაზე. ჩვენთვის უსაფრთხო გარემო შესაძლებელია შეიქმნეს მხოლოდ დემოკრატიაში ინვესტიციის გზით,” – განაცხადა მან და დასძინა, რომ ეს იქნება ”გრძელი და რთული გზა” და საქართველოს მეგობრების დახმარება სჭირდება ამ მიმართულებით.
თავის გამოსვლის ბოლოს სააკაშვილმა უთხრა ბაიდენს, რომ მას ახსოვს, როდესაც ”თქვენ მითხარით [აგვისტოს ომის შემდეგ]: ’მიშა, ამ დღეებში უამრავი ადამიანი გირეკავს, მაგრამ მოგვიანებით ისინი შეწყვეტენ ამის გაკეთებას, ეს გარდაუვალია, მაგრამ მე არასდროს მიგატოვებ, მე ყოველთვის აქ ვიქნები თქვენი ქვეყნისთვის’. თქვენ ყოველთვის აქ იყავით ჩვენთვის და ყოველთვის იქნებით”.
”ჯო, თქვენ იცით, რომ ამერიკაში,” – განაგრძო სააკაშვილმა, ”ისევე როგორც მთელს დედამიწაზე, შეგიძლიათ წააწყდეთ უამრავ ცინიზმს და რეალპოლიტიკის მიმდევრებს… მაგრამ ისე როგორც მსოფლიოს არც ერთ ქვეყანაში, ამერიკაში საბოლოო ჯამში იდეალისტებს მიჰყავთ შოუ”.
ოფიციალურ სადილს, რომელსაც ასევე ესწრებოდნენ აშშ-ის დელეგაციის წევრები, საქართველოს მთავრობის და საკანონმდენლო ორგანოს წარმომადგენლები, ქართველი შემსრულებლების კონცერტი მოყვა.
ვიცე-პრეზიდენტის მაგიდასთან საბანკეტო ოთახში, სადაც ათობით მაგიდა იდგა. პრეზიდენტ სააკაშვილთან ერთად ასევე ისხდნენ პირველი ლედი სანდრა რულოვსი, აშშ-ს ელჩი საქართველოში ჯონ ტეფტი და შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე ეკა ზღულაძე.
პრეზიდენტ სააკაშვილთან ოფიციალურ შეხვედრას ბაიდენი 23 ივლისს გამართავს ოპოზიციის ლიდერებთან შეხვედრამდე. ხუთშაბათს საღამოს გამგზავრებამდე იგი საქართველოს პარლამენტში გამოვა სიტყვით.
იმავდროულად, ოპოზიციური პარტიების ჯგუფს, რომელიც თავისუფლების მოედანზე გეგმავდა აქციის გამართავს ბაიდენის ჩამოსვლის შემდეგ, სხვა ადგილას მოუწია მხარდამჭერების შეკრება მას შემდეგ, რაც ხელისუფლებამ განაცხადა 22 ივლისს, რომ თავისუფლების მოედანი და კიდევ რამდენიმე ცენტრალური ქუჩა უსაფრთხოების მიზნით ჩაიკეტებოდა. ორგანიზატორი ოპოზიციური პარტიების თქმით, აქციის მიზანი იყო აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტის მისალმება და მისთვის იმის თქმა, რომ ”საქართველოში ცვლილების დროა”.
ადამიანების ჯგუფს, რომელთაც მიაჩნიათ, რომ მათი ნათესავები პოლიტიკური მიზეზით დააპატიმრეს, სურდათ აქციის გამართვა იმ გზატკეცილზე, სადაც აეროპორტიდან მომავალ ვიცე-პრეზიდენტის კორტეჟს უნდა გაევლო. თუმცა, პოლიციამ მათ ამის საშუალება არ მისცა უსაფრთხოების მოტივებით. მომიტინგეებს ხელში ეჭირათ ამერიკის დროშები და პლაკატები ”პოლიტიკური პატიმრების” სახელებით.
ადამიანების კიდევ ერთმა ჯგუფმა მოახერხა ტროტუარზე დამწკვრივება ერთ-ერთ ქუჩაზე, სადაც ვიცე-პრეზიდენტის კორტეჟმა გაიარა. მათ ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერით ”არ დაგვივიწყოთ”, ”დიახ, თქვენ შეგიძლიათ”, ”არა ოკუპაციას”.