ახალი ამბები

ოპოზიცია გმობს მიტინგებთან დაკავშირებულ საკანონმდებლო ცვლილებებს

ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს შეხვდნენ, რათა გამოეხატათ უარყოფითი პოზიცია მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტზე, რომელიც საპროტესტო აქციების წესების გამკაცრებას ისახავს მიზნად.

”ახლა თუ ვინმეს წარმოუდგენია, რომ საქართველოს დემოკრატიული ფასადით არა, მაგრამ შინაარსით დააბრუნებს საბჭოთა კავშირში თუ დიქტატურაში, ძალიან ღრმად ცდება და ძალიან ცუდად დაამთავრებს,”- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ, მოძრაობა დემოკრატიული საქართველოს ლიდერმა შეხვედრის შემდეგ.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ ამ კანონპროექტებზე ძალიან მძიმე რეაქცია ექნება ევროპულ სტრუქტურებს, ევროსაბჭოს, ევროპარლამენტის და ევროკავშირის ექსპერტებს, სტრასბურგის ექსპერტებს და ეს იქნება ძალიან ნათელი სიგნალი მთელი მსოფლიოსთვის, რომ სააკაშვილი ამ ქვეყანაში დიქტატურის დამყარებისკენ მიდის,”- აღნიშნა მან.

ალიანსის საქართველოდან ირაკლი ალასანიას გუნდის წევრმა ვიქტორ დოლიძემ განაცხადა, რომ დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებმა ”გაკვირვებაც კი გამოთქვეს” საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტში წარმოდგენილი ზოგიერთი დებულებების, მათ შორის ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის პატიმრობის ვადის 30-დან 90 დღემდე გაზრდის გამო.

საქართველოს გზის ლიდერმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების გარდა, ოპოზიციამ შეხვედრაზე ასევე დააყენა ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრების საკითხი.

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა, რომელიც ასევე ესწრებოდა დღევანდელ შეხვედრას, განაცხადა, რომ ნაციონალური მოძრაობის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებები არის ” ნაბიჯი უკან, ნაბიჯი წარსულში”.

მისი თქმით, პოლიციისთვის არალეტალური ტყვიების გამოყენებაზე კანონში დაგეგმილი ცვლილებები თავისთავად უკანონო არ არის, მაგრამ ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ ამგვარი ტყვიების წარსულში გამოყენება სამართალდამცავების მიერ, ყოველგვარი სამართლებრივი ბაზის გარეშე, უკანონო იყო.

საქართველოში გერმანიის ელჩმა პატრისია ფლორმა განუცხადა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს, რომ აღნიშნული საკითხი ფრთხილად უნდა იქნას აწონ-დაწონილი, რათა შენარჩუნდეს ბალანსი ფუნდამენტურ უფლებებსა და პარლამენტისა და სხვა სახელმწიფო დაწესებულებების ბლოკირების დაუშვებლობას შორის.

მან ასევე განაცხადა, რომ ”რეკომენდირებულია” საკონსტიტუციო და სამართლებრივ საკითხებში ევროპის საბჭოს მრჩეველი ორგანო – ვენეციის კომისია ჩაერთოს წარმოდგენილი ცვლილებების შეფასების საქმეში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button