ახალი ამბები

ეუთოს მისია საქართველოში დაიხურა

ეუთოს მისიის მიერ მომზადებული მოკლე დოკუმენტური ფილმის მეორე ნაწილი იხილეთ აქ.

ეუთოს მისიამ საქართველოში 30 ივნისს ქვეყანაში თავისი საქმიანობა შეწყვიტა მას შემდეგ, რაც 17 წლის წინ ჩამოყალიბდა მანდატით დახმარებოდა სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის მოგვარებას.

ეუთოს რვა შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებელი ჰყავდა ცხინვალში, რომლებიც სამხრეთ ოსეთის კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტის მონიტორინგს და მის შესახებ ინფორმირებას ახორციელებდნენ. მათ ცხინვალი მას შემდეგ დატოვეს, რაც შარშან აგვისტოში რეგიონში საომარი მოქმედებები დაიწყო.

ომიდან ცოტა ხნის შემდეგ ეუთომ, მათ შორის რუსეთმა, მიიღო გადაწყვეტილება 19 აგვისტოს 20 დამკვირვებელი გაეგზავნა სამხრეთ ოსეთის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის გასაკონტროლებლად, რომელთაც სეპარატისტული რეგიონის შიგნით შესვლის უფლება არ ჰქონდათ.

8 სექტემბრის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელიც 12 აგვისტოს ექვსპუნქტიანი შეთანხმების დამატებითი დოკუმენტია, ითვალისწინებდა ეუთოს დამკვირვებლების მიერ სამხრეთ ოსეთის შიგნით საქმიანობის გაგრძელებას, როგორც ეს აგვისტოს ომამდე იყო, მათ მანდატში შემდგომი კორექტივების შეტანის შესაძლებლობით.

ფინეთი, რომელიც იმ დროს ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა იყო, შეეცადა ახალი მანდატის შესახებ წინადადების წამოყენებას, თუმცა რუსეთმა დაბლოკა მისიის მანდატის გაგრძელება, რომელიც 2008 წლის დეკემბერში ამოიწურა. მოსკოვის სურვილი იყო, რომ ახალ მანდატში ასახულიყო ის ”ახალი რეალობები”, რომლებიც რეგიონში აგვისტოს ომის შემდეგ წარმოიშვა, კერძოდ რუსეთის მიერ სეპარატისტული რეგიონების დამოუკიდებლობის აღიარება. თუმცა თბილისის განცხადებით, ეს ”წითელი ხაზების” გადაკვეთის ტოლფასი იქნებოდა.

მისიამ განაგრძო საქმიანობა 20 დამკვირვებლით, რომელთაც 30 ივნისამდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე სიტუაციის მონიტორინგის მანდატი გააჩნდათ.

მაისში რუსეთმა ასევე უარყო ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, საბერძნეთის წინადადება, რომელიც ე.წ. ”ნეიტრალური სტატუსის” ფორმულას ეფუძნებოდა.

კრიზისების აცილების საერთაშორისო ჯგუფმა (ICG) განაცხადა გასულ კვირას, რომ ეფექტიანი უსაფრთხოების რეჟიმის არ არსებობა და ინციდენტები სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის გარშემო ქმნის ”სახიფათო ატმოსფეროს, სადაც კვლავ შეიძლება დაიწყოს ინტენსიური ბრძოლები”.

ამ გაფრთხილების შესახებ საუბრისას ეუთოს მისიის ხელმძღვანელმა საქართველოში, ფინელმა დიპლომატმა ტერი ჰაკალამ განუცხადა ”როიტერს”: ”სამწუხაროდ, მე ვფიქრობ, რომ ეს შესაძლებელია. მე ვიზიარებ ICG-ის ანალიზს… ვითარება არასტაბილურია. უსაფრთხოების კუთხით არსებული ვითარება ცოტათი უკეთესია, თუმცა კარგი ის ნამდვილად არ არის”.

გაერომაც დაიწყო თავისი შეუიარაღებელი სამხედრო დამკვირვებლების გაყვანა საქართველოდან. ეს ორგანიზაცია 16 წელი აკონტროლებდა სიტუაციას აფხაზეთის ადმინისტრაციული საზღვრის ორივე მხარეს. რუსეთმა იმავე მიზეზით დაბლოკა გაეროს მისიის მანდატის გაგრძელება, როგორც ეს ეუთოს შემთხვევაში მოხდა.

ამჟამად ადგილზე დარჩა ევროკავშირის მონიტორინგის მისიის 246 შეუიარაღებელი დამკვირვებელი. თუმცა, მათ სეპარატისტული რეგიონების შიგნით შესვლის შესაძლებლობა აქ აქვთ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button