ახალი ამბები

გაურკვევლობა განადგურებული ხიდის და საზღვრის გარშემო რაჭაში

ხიდის ნარჩენები მდინარე ჭანჭახზე. ფოტო: ინტერპრესნიუსი

ინფორმაციამ რუსეთის საზღვრის სიახლოვეს, რაჭაში აფეთქებული ხიდისა და ქართველი მესაზღვრეების რამდენიმე კილომეტრით საქართველოს სიღრმეში გადმოწევის შესახებ ხელისუფლების წინააღმდეგ ახალი ბრალდებები გააჩინა.

11 ივნისს გავრცელდა ინფორმაცია, რომ მდინარე ჭანჭახზე მდებარე ხიდი აფეთქდა და რომ ერთ-ერთი ახლომდებარე სოფლის, გლოლას მაცხოვრებლები ქართველ სამართალდამცავებს ადანაშაულებდნენ ამაში. იმავე ინფორმაციით, რომელიც ადგილობრივ მაცხოვრებლებზე დაყრდნობით პირველმა ახალი მემარჯვენეების წევრმა და ონის ყოფილმა მაჟორიტარმა დავით საგანელიძემ გაავრცელა, ქართველი მესაზღვრეები რუსეთის საზღვრიდან, სადაც ისინი იყვნენ განთავსებულნი, საქართველოს ტერიტორიის სიღმეში დაახლოებით 20 კილომეტრით გადმოიწიეს.

ხიდი რუსეთთან საზღვარზე მდებარე მამისონის უღელტეხილისკენ მიმავალ გზაზე იყო აგებული. ვიწრო და რთულად გასავლელ გზას, რომელიც მეცხრამეტე საუკუნის მიწურულს გაყვანილი ოსეთის სამხედრო გზის ნაწილია, უკვე ათწლეულებია რაც არ იყენებენ რუსეთსა და საქართველოს შორის სატრანსპორტო კავშირისთვის; თუმცა, ამ გზას ადგილობრივები იყენებდნენ საძოვრებამდე მისასვლელად.

ხიდი სოფელ ღურშევის მახლობლად მდებარეობდა, მამისონის უღელტეხილიდან დაახლოებით 8 კილომეტრში. ამჟამად დაუსახლებელი სოფელი ღურშევი, მამისონის უღელტეხილის მსგავსად, ადმინისტრაციულად სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი იყო, რომელიც მისი ადმინისტრაციული საზღვრის ჩრდილო-დასავლეთ კიდეზე მდებარეობდა. თუმცა ახალგორის რაიონის მსგავსად, რომელიც ასევე იყო ყოფილი ავტონომიური ოლქის ნაწილი, ამ ტერიტორიებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტული ხელისუფლება არასოდეს აკონტროლებდა. ავტონომიური ოლქის გაუქმების შემდეგ ადმინისტრაციულად ეს ადგილები ონის რაიონს ეკუთვნის. სამხრეთ ოსეთის შეიარაღებულმა ჯგუფებმა, რუსული ძალების მხარდაჭერით, ახალგორზე კონტროლი აგვისტოს ომის შემდეგ დაამყარეს.

ტრადიციულად, ქართველი მესაზღვრეები მამისონის უღელტეხილთან მდებარე სასაზღვრო ტერიტორიებზე სეზონურად პატრულირებდნენ და ტერიტორიას გვიან შემოდგომაზე და ზამთარში ტოვებდნენ, როდესაც კავკასიონზე უღელტეხილები თოვლის გამო ბუნებრივად იკეტება. ქართველი მესაზღვრეები მამისონთან ახლოს ბაზად იმ შენობას იყენებდნენ, რომელშიც წლების წინ მეტეოსადგური იყო.

ძირითადად ორ საკითხზე ხდება ხელისუფლების წინააღმდეგ ბრალდებების წამოყენება: ხიდის აფეთქება და მამისონის უღელტეხილიდან მესაზღვრეების უკან დაწევა.

რაც შეეხება ხიდს, ამასთან დაკავშირებით თვითმხილველები და მათ შორის დეპუტატი საპარლამენტო უმცირესობიდან და აგვისტოს ომის შემსწავლელი კომისიის ხელმძღვანელი პაატა დავითაია აცხადებენ, რომ ადგილზე არსებული მტკიცებულებების თანახმად (მათ შორის გარშემო არსებული დამწვარი ხეები), ხიდი აფეთქების შედეგად დაინგრა და ის მისი სიძველის გამო არ ჩამონგრეულა, როგორც ამის თაობაზე ხელისუფლების ზოგიერთმა წარმომადგენელმა, მათ შორის შინაგან საქმეთა სამინისტროდან, თავდაპირველად განაცხადეს.

ხელისუფლების მხრიდან არ ყოფილა მკაფიო განცხადება იმის თაობაზე, თუ რა მოუვიდა ხიდს და თუ ააფეთქეს, რა იყო ასეთი ნაბიჯის მიზეზი. თუმცა, ხელისუფლების წარმომადგენლები, მათ შორის ადგილობრივი ხელისუფლება და მმართველი პარტიის დეპუტატები აცხადებენ, რომ ხიდს უახლოეს მომავალში აღადგენენ და ქართული მედიის ინფორმაციით, სარეკონსტრუქციო სამუშაოები სულ მალე დაიწყება.

ამ ისტორიის კიდევ ერთი ასპექტია ქართველო მესაზღვრეების ადგილმდებარეობა. ადგილობრივი მაცხოვრებლები და ოპოზიცია აცხადებენ, რომ ქართველი მესაზღვრეები აღარ იმყოფებიან იმ ტერიტორიაზე, სადაც ისინი ტრადიციულად იყვნენ განთავსებულნი რუსეთის საზღვრის უშუალო სიახლოვეს, მამისონის უღელტეხილთან.

15 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ სასაზღვრო პოლიციის დანაყოფები ”სრულიად აკონტროლებენ რუსეთ-საქართველოს საზღვრის აღნიშნულ მონაკვეთს, ისევე როგორც, ეგრეთ წოდებულ  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვარს.

დეპუტატმა პაატა დავითაიამ, რომელიც გასულ კვირაში რაჭას სტუმრობდა, განაცხადა, რომ ქართველი მესაზღვრეები სასაზღვრო ზოლზე პატრულირებენ. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ მესაზღვრეები არ არიან განთავსებულნი საზღვრის რომელიმე კონკრეტულ ადგილას, არამედ ისინი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაადგილდებიან.

ექსპერტმა კავკასიის საკითხებში და ”თავისუფალი აზრის სახლის” თანადამფუძნებელმა მამუკა არეშიძემ განაცხადა, რომ მესაზღვრეების შესაძლო უკან დახევა თავიანთი ადრინდელი პოზიციებიდან შესაძლოა უკავშირდებოდეს რუსეთის ზეწოლას აღადგინოს სამხრეთ ოსეთის ის საზღვრები, რომელიც მას საბჭოთა დროს ჰქონდა, როდესაც ის ავტონომიური ოლქი იყო. მისი თქმით, მესაზღვრეების უკანდახევა შესაძლოა განპირობებული ყოფილიყო საქართველოს ხელისუფლების სურვილით თავიდან აეცილებინა რაიმე შეტაკება რუსებთან. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ რა მიზეზიც არ უნდა იყოს, ხელისუფლებამ უნდა აუხსნას საზოგადოებას, თუ რა მოხდა რეალურად.

19 ივნისს გაკეთებულ განცხადებაში სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ეს საკითხი ჭორების წყარო გახდა და მოუწოდა ხელისუფლებას და ოპოზიციას გვერდზე გადადონ უთანხმოება და ერთობლივად გამოიძიონ ხიდის აფეთქების მიზეზები და ასევე ერთობლივად შეისწავლონ მამისონის უღელტეხილზე არსებული ვითარება. სუბარმა ასევე განაცხადა, რომ ის მზად არის მონაწილეობა მიღოს ერთობლივი ჯგუფის მუშაობაში, თუ ასეთი ჯგუფი შეიქმნება ხელისუფლების და ოპოზიციის მიერ.

ამ მოწოდებას 22 ივნისს ალიანსი საქართველოსთვის გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ალიანსში გაერთიანებული პარტიები – ახალი მემარჯვენეები, რესპუბლიკელები და ირაკლი ალასანიას გუნდი – მზად არიან იმუშაონ ამ ერთობლივ ჯგუფში, თუკი ასეთი შეიქმნება.

ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, რომ კომისიასის შექმნის შემთხვევაში ალიანსიდან წარდგენილები იქნებიან  ახლების წევრი დავით საგანელიძე, ალასანიას გუნდიდან ვიქტორ დოლიძე და რესპუბლიკელებიდან ირაკლი ბათიაშვილი.

”ჩვენ მიგვაჩნია, რომ ახლა გაკეთებული განცხადებები ხიდის აღდგენაზე არანაირად არ პასუხობს იმ მთავარ შეკითხვას თუ ვინ ააფეთქა და რატომ ააფეთქა ეს ხიდი, ეს კითხვა არის დღეს ჰაერში დაკიდებული და ამ კითხვას აუცილებლად უნდა გაეცეს პასუხი და უნდა გაეცეს პასუხი ვინ გააკონტროლებს იმ ტერიტორიას, რომელიც ხიდს მიღმა რჩება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

დეპუტატმა მმართველი პარტიიდან აკაკი მინაშვილმა განაცხადა 22 ივნისს, რომ გამოძიება დაადგენს, თუ რა მიზეზით ჩაინგრა ხიდი, ”იყო ეს აფეთქება თუ სხვა რამ.”

ალიანსი საქართველოსთვის ასევე ვარაუდობს, რომ მომხდარი უკავშირდება სამხრეთ ოსეთის ყოფილი ავტონომიური ოლქის საზღვრების აღდგენის მცდელობას და ამის ”მიჩუმათებას” ცდილობს ხელისუფლება.

ერთობლივი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში, მასთან თანამშრომლობის მზადყოფნა ნინო ბურჯანაძის პარტიამაც გამოთქვა.

”ჩვენ ვეთანხმებით სახალხო დამცველის მოსაზრებას, რომ როგორი მწვავეც არ უნდა იყოს პოლიტიკური დაპირისპირება ხელისუფლებასა  და ოპოზიციას შორის მაშინ, როცა საქმე ეხება თუნდაც ერთი გოჯი მიწის დაკარგვის საფრთხეს, ჩვენი ქვეყნის უზენაესი ინტერესიდან გამომდინარე, აუცილებელია, ერთობლივი ჯგუფის შექმნა ხელისუფლების, ოპოზიციის და საზოგადოების წარმომადგენლებისგან, რომლის მუშაობაში მზად ვართ მონაწილეობის მისაღებად,” –  ნათქვამია დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს მიერ 22 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button