ახალი ამბები

სუბარი ზოგიერთ დიპლომატს ”ორმაგი სტანდარტების” გამო აკრიტიკებს

სახალხო დამცველმა სოზარ სუბარმა განაცხადა, რომ ”ზოგიერთი ელჩი” თბილისში ”ორმაგ სტანდარტებს” იყენებს ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ ვითარების შეფასებისას.

მისი თქმით, მაშინ როდესაც ელჩები განცხადებებს აკეთებენ პარლამენტის წინ 12 ივნისს მომხდარ ინციდენტზე და მას ”დემოკრატიის შეურაცხყოფად” აფასებენ – მან მინიშნება გააკეთა საფრანგეთის ელჩის განცხადებაზე – მათ ”არანაირი კომენტარი” არ გააკეთეს თბილისის პოლიციის მთავარი სამმართველოს წინ მომხდარი ინციდენტის შესახებ.

”ეს არის ორმაგი სტანდარტის მკაფიო გამოხატულება… ზოგიერთ ელჩს ნამდვილად აქვს ორმაგი სტანდარტი და ეს არ არის სწორი მიდგომა,” – განაცხადა სუბარმა 17 ივნისს ტელეკომპანია ”მაესტროს” გადაცემაში ”პროფესია ჟურნალისტი” საუბრისას. ”კვერცხების და ქვების სროლა არის ხულიგნობა და ამაზე რეაგირება უნდა მოახდინოს სახელმწიფომ და სახელმწიფომ მოახდინა კიდეც რეაგირება… მომიტინგეები ალყაში მოაქციეს [პოლიციამ 15 ივნისს თბილისის სამმართველოს წინ] და ადგილზე აკეპეს, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით. სწორედ ეს უნდა იქნას შეფასებული. ძალიან უცნაურია, როდესაც ელჩები აკეთებენ შეფასებებს იმაზე, თუ კარვის დადგმა სად შეიძლება, როგორ შეიძლება, ქვის სროლა არის თუ არა დემოკრატიის სტანდარტი. ძალიან კარგად გვახსოვს საფრანგეთში წლინახევრის წინ როგორი არეულობები იყო, როდესაც ასეულ მანქანას წვავდნენ ყოველდღე და ასეულ მაღაზიას არბევდნენ; არავის არ ულაპარაკია იქ დემოკრატიაზე; ეს არ არის არანაირი დემოკრატია, ეს არის ხულიგნობა, რომლისთვისაც არსებობს სხვა პასუხი სახელმწიფოს მხრიდან”.

14 ივნისს აშშ-ის საელჩომ გაავრცელა განცხადება, სადაც ამერიკის მთავრობა გმობს ”პარლამენტის წევრებსა და მათ შორის, პარლამენტის თავმჯდომარეზე 12 ივნისს განხორციელებულ თავდასხმას”, და აცხადებს, რომ ხსენებულმა თავდასხმებმა ხელი შეუშალა ოფიციალური პირების საქმიანობას და გადაკვეთა ხაზი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებასა და კრიმინალურ ქმედებას შორის არის გავლებული.  ჩეხეთის ელჩი ივან ჟესტრაბი პირველი იყო დასავლელ დიპლომატებში, რომელმაც დაგმო ინციდენტი, ხოლო ბრიტანეთის ელჩმა დენის კიფმა განაცხადა, რომ იგი ეთანხმება მისი ჩეხი, ფრანგი და ამერიკელი კოლეგების მიერ გაკეთებულ განცხადებებს.

რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა თინა ხიდაშელმა განაცხადა 18 ივნისს, რომ 12 ივნისის ინციდენტის დაგმობის შემდეგ, დასავლელმა დიპლომატებმა – და მან ყურადღება გაამახვილა აშშ-ს ელჩზე – ასევე უნდა დაგმონ 15 ივნისს პოლიციის სამმართველოსთან მომხდარი ინციდენტი.

”მოვითხოვ ბატონი ტეფტისგან გააკეთოს განცხადება 15 ივნისის ინციდენტის შესახებ; მე მოვითხოვ მისგან დაგმოს და თავისი სახელი დაარქვას იმას, რაც 15 ივნისს მოხდა. განცხადება, რომ ოპოზიციამ ”გადაკვეთა ხაზი” აღქმული იქნა სააკაშვილის მიერ, როგორც მწვანე შუქი ძალადობის გასაგრძელებლად და ამას პასუხი უნდა გასცეს საერთაშორისო თანამეგობრობამ და ახლა ამ მიმართულებით ვმუშაობთ და იმედი მაქვს, შედეგებს მივაღწევთ,” – განაცხადა მან.

იმავე თემაზე რამოდენიმე დღის წინ ცალკე გაკეთებულ განცხადებაში თინა ხიდაშელმა აღნიშნა: ”დარწმუნებული არ ვარ, რომ ბატონი ტეფტი სწორ ინფორმაციას აწვდის ვაშინგტონს საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე”.

თინა ხიდაშელის თქმით, ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა სამხრეთ კავკასიაში პიტერ სემნებიმ ”ყველაზე შესაფერისი” განცხადება გააკეთა 12 ივნისის ინციდენტზე საუბრისას. რადიო ”თავისუფლების” თბილისის ბიუროსთან ინტერვიუში სემნებიმ განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერებმა უნდა აუხსნან თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ამგვარი ქმედებები მიუღებელია. თუმცა, მან ასევე განაცხადა, რომ ოპოზიციის აქტივისტების დაპატიმრებამ არსებულ სიტუაციაში შესაძლოა კიდევ უფრო გაართულოს პოლიტიკური სიტუაცია. სემნებიმ ასევე განაცხადა, რომ არსებობს ოპოზიციის აქტივისტებზე თავდასხმების შემთხვევები და ხელისუფლებამ ეს შემთხვევები უნდა გამოიძიოს.

ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა 17 ივნისს ბრუკინგსის ინსტიტუტში გამოსვლისას, რომ ოპოზიციური პოლიტიკოსების მიერ ზოგიერთი დასავლელი ელჩის მიმართ გამოთქმული კრიტიკა გამოიწვია იმ დაუბალანსებელმა ფორმამ, რომელიც ზოგიერთმა დიპლომატმა ბოლოდროინდელ მოვლენებთან მიმართებაში გამოიყენა.

ალასანიამ ასევე განაცხადა, რომ ხალხი ელოდება, რომ დიპლომატები დაგმობენ მომიტინგეებზე თავდასხმებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button