ახალი ამბები

სააკაშვილი გაეროს გენერალური მდივნის მოხსენებაზე საუბრობს

პრეზიდენტმა სააკაშვილმა 5 ივნისს განაცხადა, რომ საქართველომ მტკიცე რეაგირება მოახდინა და არ ”გადაყლაპა” გაეროს გენერალური მდივნის ბოლო მოხსენების სათაურიდან ამოღება სიტყვების ”აფხაზეთი, საქართველო”.

”ეს რომ ყოფილიყო 1993 წელი შევარდნაძე ამას გადაყლაპავდა, როგორც გადაყლაპა ყველაფერი დანარჩენი,”- განაცხადა მან, ”მე პირადად დავურეკე ამერიკის ადმინისტრაციის რამდენიმე ხელმძღვანელს. ჩვენ გვქონდა ინტენსიური ურთიერთობა საფრანგეთის პრეზიდენტთან, მრავალ ევროპულ მინისტრთან და მე მინდა გითხრათ, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში რა მხარდაჭერაც ჩვენ გვაქვს გაეროში, ეს არ გვქონია ჩვენ 1993 წლიდან, ჩვენი პრინციპული პოზიციის გამო”.

”ჩვენ ვთქვით, ერთი გრამი უკან დახევა არ იქნება ჩვენი ტერიტორიის სტატუსზე. არანაირი შანტაჟის არანაირი დაშინების, არანაირი მუქარების ქვეშ ჩვენი მოწინააღმდეგის, ჩვენ ერთ გრამს არ მოვაწერთ ხელს იმას, რაც როდესმე ჩვენი შვილების თვალში ეჭვქვეშ დააყენებს საქართველოს ტერიტორიის მთლიანობას და აფხაზეთის საქართველოსადმი კუთვნილებას,”- განაცხადა მან მარტვილში ადგილობრივ მოსახლეობასთან საუბრისას, რომელიც პირდაპირ სატელევიზიო ეთერში გადაიცემოდა.

საქართველოს ელჩმა გაეროში კახა ლომაიამ ორგანიზაციის შტაბბინაში გამართულ პრესკონფერენციაზე რუსეთი გაეროს სამდივნოს დაშანტაჟებაში დაადანაშაულა, ხოლო გენერალური მდივანი ამ შანტაჟზე დამორჩილების გამო გააკრიტიკა. გაეროს გენერალურმა მდივანმა პან გი მუნმა ”კატეგორიულად უარყო” ეს ბრალდება და ქართველი დიპლომატის განცხადებას ”სამწუხარო” უწოდა.

”მე ვნახე, რომ გაეროს მისია, როცა ტანკები მოადგნენ ენგურს [აგვისტოს ომის დროს], 10 წუთში აორთქლდა იქიდან. ამიტომ არ გვიღირს არანაირი გაეროს მისია, რომელიც 10 წუთში ორთქლდება და შეატოვებს მათ მთელ ჩვენ ხალხს, იმად, რომ ჩვენ ერთი გრამით დავთმოთ ჩვენი უფლებები ჩვენ ტერიტორიაზე,”- განაცხადა სააკაშვილმა. ანალოგიური განცხადება გააკეთა მან გაეროს დამკვირვებელთა მისიაზე იანვარშიც.

”მე დარწმუნებული ვარ, რომ დღევანდელ პირობებში, თუ საქართველო შეინარჩუნებს შიდა კონსოლიდაციას – მე ვლაპარაკობ დემოკრატიის პირობებში, კამათის პირობებში, დიალოგის პირობებში – თუ შეინარჩუნებს ერთად ყოფნის უნარს, გამორიცხულია, რომ ჩვენ არ დავიბრუნოთ ჩვენი ტერიტორიები… მე მინდა ეს ვნახო და ჩვენ გავაკეთებთ ამას ყველანი ერთად, მაგრამ ამისათვის საჭიროა ჩვენი მშვიდობიანი დიპლომატიური ბრძოლა გაგრძელდეს ყველა ფრონტზე,”- განაცხადა მან.

საქართველოს ”პრინციპულ” პოზიციაზე საუბრისას, სააკაშვილმა ასევე გაიხსენა საფრანგეთის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება.   

”რუსეთის ტანკები იყვნენ თბილისთან და რუსეთმა გამოაგზავნა დოკუმენტი, სადაც ეწერა, რომ აფხაზეთის სტატუსი რჩება ღია და ჩვენ მეგობრებმა ჩამოგვიტანეს, დაგვიდეს წინ და თქვეს, რომ ’აი ასეთი დოკუმენტია, რა ვქნათ, თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება’. მე შევკრიბე ჩემი მეგობრები, იყვნენ მათ შორის ისეთებიც, რომლებმაც თქვეს, რომ ამის ხელმოწერა ძალიან მძიმეა, მაგრამ არ ხელმოწერა ნიშნავს, რომ რუსები იპყრობენ საქართველოს. ზოგიერთმა უცხოელმაც მითხრა მე მაშინ ’ან მოაწერეთ ამას ხელი ან შეეგუეთ, რომ ხვალ დილას ამ სასახლეში იჯდებიან რუსი გენერლები’. მე ვუთხარი: ’არასდროს მე, საღ აზრზე მყოფი არ მოვაწერ ხელს საქართველოს ტერიტორიის გასხვისებას და თუ ისინი ხვალ ამ სასახლეში იქნებიან, მხოლოდ ჩემი სიცოცხლის ფასად აიღებენ ისინი თბილისს და ყველა ჩემი მეგობრის სიცოცხლის ფასად’.”

სააკაშვილი გულისხმობდა 12 აგვისტოს შეთანხმების პირველ პროექტს, სადაც ნათქვამი იყო: ”საერთაშორისო განხილვების დაწყება სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის სტატუსის და მათი სტაბილური უსაფრთხოების უზრუნველყოფის გზების შესახებ”. მაშინ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ეს ”ბუნდოვანი” დებულება გადაიხედა შეთანხმებაში იმის გამო, რომ ქმნიდა ინტერპრეტაციის საშუალებას, მათ შორის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის ეჭვქვეშ დაყენების კუთხით. ამ შეთანხმების საბოლოო ვერსიაში ნათქვამია: ”საერთაშორისო დისკუსიების დაწყება აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის  პირობების შესახებ” –  ამ მე-6 პუნქტის საფუძველზე 2008 წლის ოქტომბერში შეიქმნა ჟენევის დისკუსიების ფორმატი. ომის დასრულების შემდეგ, 26 აგვისტოს კი რუსეთმა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა აღიარა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button