ახალი ამბები

საქართველო “გლობალური კორუფციის ბარომეტრის” ანგარიშში

საქართველოს მოქალაქეების აზრით, საქართველოში კორუფციის პრობლემა ყველაზე მწვავედ სასამართლო სისტემაში დგას, თუმცა კორუფციის შესამცირებლად ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები გამოკითხულთა უმეტესობამ დადებითად შეაფასა, – ნათქვამია მოხსენებაში გლობალური კორუფციის ბარომეტრი, რომელიც Transparency International-მა 3 ივნისს გამოაქვეყნა.

”გლობალური კორუფციის ბარომეტრი” მსოფლიოს მასშტაბით ეფუძნება ინტერვიუებს 73 000-ზე მეტ რესპონდენტთან 69 ქვეყანაში; გამოკითხვის მიზანი იყო იმის გარკვევა თუ როგორ აფასებენ მოქალაქეები მათ ქვეყნებში არსებულ კორუფციის დონეს.

საქართველოში 2009 წლის "გლობალური კორუფციის ბარომეტრის” კვლევა, Transparency International-ის დაკვეთითა და ინსტრუქციის შესაბამისად, Gallup International-ის პარტნიორმა ორგანიზაციამ – ”გორბიმ” – ჩაატარა. კვლევა 2009 წლის 29 იანვრიდან ამავე წლის 9 თებერვლამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუს მეთოდის გამოყენებით ჩატარდა. მასში მონაწილეობა 1 400-მა რესპონდენტმა მიიღო. 

2005 და 2007 წლების მსგავსად, სასამართლო სისტემა წლევანდელ კვლევაშიც კვლევებშიც ყველაზე პრობლემატურ სფეროდ დასახელდა. სასამართლოს მიმართ დადებითი დამოკიდებულება გამოკითხულთა მხოლოდ 14%-მა, ხოლო მკვეთრად უარყოფითი – 37%-მა გამოხატა. 

დანარჩენ სფეროებს შორის ადგილები შემდეგნაირად განაწილდა (ყველაზე კორუმპირებულიდან ყველაზე ნაკლებად კორუმპირებულამდე) : საჯარო სამსახური (ძალიან კორუმპირებულად დაასახელა გამოკითხულთა 21%-მა), პარლამენტი (16%), პოლიტიკური პარტიები (12%), კერძო სექტორი (9%) და მედია (6%).

2007 წელს ხელისუფლების ანტიკორუფციულ ნაბიჯებს ძალიან ან მეტნაკლებად ეფექტიანად რესპონდენტთა 34% თვლიდა, 2009 წელს, კვლევის თანახმად, მაჩვენებელი 57%-მდე გაიზარდა. ამ მაჩვენებლით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის, ჰოლანდიისა და მაკედონიის შემდეგ, მესამე ადგილზე გავიდა.

კვლევის თანახმად, ქრთამის გადახდა გამოკითხულ საქართველოს მოქალაქეთა 2%-ს მოუწია, ხოლო – უფრო გამჭვირვალე და სუფთა ბიზნესის მხარდაჭერისთვის პროდუქციის შედარებით მაღალ ფასში შესყიდვაზე მზადყოფნა 37%-მა გამოთქვა.

თუმცა, ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ კვლევაში დასმულ ყველა კითხვაზე ქართველ რესპონდენტთა საკმაოდ დიდი ნაწილი "არ ვიცის” ან "პასუხზე უარს” ირჩევდა. ამ პასუხების სიხშირით საქართველო ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის პირველ ადგილზე აღმოჩნდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button