ევროკავშირი: სამხრეთ ოსეთის არჩევნები ”არალეგიტიმურია”
ევროკავშირმა განაცხადა, რომ ის არ აღიარებს სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ რეგიონში კვირას ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების კანონიერებას და ”არც მის შედეგებს”.
”ამგვარი არჩევნების ჩატარება არალეგიტიმურია და უკან გადადგმული ნაბიჯია საქართველოში არსებული სიტუაციის მშვიდობიანი და ხანგრძლივი მოგვარების ძიების საქმეში. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს თავის მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მისი საერთაშორისო დონეზე აღიარებული საზღვრების ფარგლებში,” – განაცხადა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანამ, ჩეხეთმა 1 ივნისს გამოქვეყნებულ განცხადებაში.
სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ სამმა პარტიამ – რომელთაგან ერთი სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ოფიციალური მხარდამჭერია, ხოლო ორი მის მიმართ ლოიალურადაა განწყობილი – 7%-იანი ბარიერი გადალახა და 34-წევრიან პარლამენტში მანდატები მოიპოვა.
ადგილობრივი საარჩევნო კომისიის მონაცემებით, პარტია ერთობამ ხმების 46.3%-ზე მეტი მიიღო და 17 მანდატი მოიპოვა; ხალხის პარტიამ – დაახლოებით 22.6% და 9 მანდატი; კომუნისტურმა პარტიამ – 22.2% და 8 მანდატი.
პარტია ფიდიბასტა, რომელიც საკუთარ თავს აფასებს ”როგორც კონსრუქციულ და არა რადიკალურ ოპოზიციად”, ხმების 6.37% მიიღო და ვერ გადალახა საარჩევნო ბარიერი. პარტიამ დარღვევებზე და ამომრჩეველთა დაშინებაზე გააკეთა განცხადება. პარტიამ ასევე ეჭვის ქვეშ დააყენა ამომარჩეველთა აქტივობა, რომელიც ოფიციალური ინფორმაციით, 80%-ს აღემატებოდა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)