ახალი ამბები

სეპარატისტულ სამხრეთ ოსეთში საპარლამენტო არჩევნები ტარდება

ეს უკვე მეხუთე საპარლამენტო არჩევნებია სეპარატისტულ რეგიონში და პირველი მას შემდეგ, რაც რუსეთმა მისი დამოუკიდებლობა აღიარა.

სეპარატისტული რეგიონის საკანონმდებლო ორგანოში 34 მანდატის მოსაპოვებლად კომუნისტური პარტია, ერთობა, სახალხო პარტია და ფიდიბასტა (პარტია ”სამშობლო”) იბრძვიან.

ამ ოთხი პარტიიდან მხოლოდ ფიდიბასტაა მიჩნეული სამხრეთ ოსეთის ლიდერის ედუარდ კოკოითის ოპოზიციურ პარტიად. პარტიის ლიდერი ვიაჩესლავ გობოზოვი თავის პარტიას აღწერს, როგორც ”კონსტრუქციულს და არა რადიკალურ ოპოზიციას”.

იმავდროულად, მოსკოვში მცხოვრებმა ოსმა მეწარმემ ალბერტ ჯუსოევმა განაცხადა ცოტა ხნის წინ, რომ კოკოითის რამოდენიმე ოპონენტთან ერთად აპირებს ოპოზიციური მოძრაობის ჩამოყალიბებას რეგიონში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების მიღწევის მიზნით. ჯუსოევმა, რომელიც კოკოითს ხელისუფლების უზურპაციაში და კორუფციაში ადანაშაულებს, ასევე განაცხადა, რომ კოკოითი საპარლამენტო არჩევნებს საკუთარი ძალაუფლების გაზრდის მიზნით გამოიყენებს და ასევე ვარაუდი გამოთქვა, რომ არჩევნების შემდეგ კოკოითი საკონსტიტუციო ცვლილებების ინიციატივით გამოვა, რომელიც საშუალებას მისცემს მას 2011 წელს მესამედ იყაროს კენჭი.

სეპარატისტული რეგიონის ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ განაცხადა, რომ 52 436 ამომრჩეველია დარეგისტრირებული.

პირველი შემთხვევაა, როდესაც სამხრეთ ოსეთის ხელისუფლება იმ რაიონებშიც ატარებს არჩევნებს, კერძოდ კი ახალგორის რაიონში, რომელსაც აგვისტოს ომამდე საქართველოს ხელისუფლება აკონტროლებდა. თუმცა, საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლები აცხადებენ, რომ არჩევნები იქ მხოლოდ ფორმალობაა, რადგანაც ახალგორში დარჩენილი ქართული მოსახლეობა მასში მონაწილეობას არ იღებს.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა რეინტეგრაციის საკითხებში თემურ იაკობაშვილმა განუცხადა ”რუსთავი 2”-ს, რომ სეპარატისტულ რეგიონში ”მიმდინარე არჩევნებს არაფერი აქვს საერთო ნამდვილ არჩევნებთან”.              

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button