skip to content
ახალი ამბები

გაჩეჩილაძე დიპლომატებს ”გულგრილი დამოკიდებულების” შეცვლისკენ მოუწოდებს

ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან გაჩეჩილაძემ 29 მაისს მოუწოდა საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს შეცვალონ ”გულგრილი დამოკიდებულება” საქართველოს ”მომავალთან” დაკავშირებით და ”გამოვიდნენ და ხმამაღლა თქვან, რომ ეს კრიზისი უნდა მორჩეს საქართველოში”.

”20 წლის განმავლობაში საქართველო წვალობს, რომ გახდეს თავისუფალი ქვეყანა ამ ქვეყნებთან ერთად, მათ შორის აშშ-სთან ერთად,”- განაცხადა მან აქციების დაწყებიდან 52-ე დღეს, პარლამენტის წინ მიტინგზე გამოსვლისას, ”და დღეს როდესაც ასეთი კრიზისული და კრიტიკული დღეები არის, მარტო ერთი სიტყვის ხმარება – დიალოგი, დიალოგი – ეს არის გულგრილი დამოკიდებულება და ხელის დაბანის სიტუაცია”.

მისი თქმით, ზოგიერთი ოპოზიციური პარტია ლობირებს, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არ არის, საელჩოებთან ”მცირერიცხოვანი, მაგრამ ბევრი” აქციების გამართვას.

”ეს აქციები არ უნდა იყოს მიმართული იმაზე, რომ ქართველმა ხალხმა შეიზიზღოს დასავლური ღირებულებები, პირიქით ამ აქციებით უნდა ვთქვათ, რომ თავი დაანებეთ გულგრილ და ტრაფარეტულ პოზიციას და თქვენც ასევე გადადით კონკრეტულ განცხადებებზე და კომენტარებზე, რომელიც საქართველოს მომავალს სჭირდება,”-  განაცხადა გაჩეჩილაძემ.

”საქართველოს ყოველდღე ეჭრება თავი ამ კაცის [მიხეილ სააკაშვილის] საქციელით და ამას ხელს ნუ შეუწყობენ აქ აკრედიტებული ელჩები იმიტომ, რომ მაშინ ასეთი ეჭვი მიჩნდება: როგორც გვგლეჯდნენ ამ 20 წლის განმავლობაში რუსეთის კლანჭებს, ახლა ხელის დაბანის პრინციპით უკან არ დაგვაბრუნონ,”- განაცხადა მან მიტინგზე გამოსვლისას.

იმავდროულად, დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მოუწოდა დიპლომატებს ”აიძულოს” შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიცვას წესრიგი საპროტესტო აქციებზე.

”აიძულეთ შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოაგზავნოს პოლიცია აქციებზე, ოღონდ პოლიციის ფორმაში ჩაცმული,”- განაცხადა მან მიტინგზე, ”თუ უფორმოდ და უკანონობისთვის მოვლენ, მიიღებენ იმ პასუხს, რაც მიიღეს გუშინ”.

მან ასევე განაცხადა, რომ უფორმო პოლიციელებსა და მომიტინგეებს შორის გუშინ მომხდარი დაპირისპირების მსგავსი ”ქმედებით ცდილობენ სამოქალაქო დაპირისპირების ინსპირირება მოახდინონ”, რაზეც, მისი თქმით, პასუხისმგებლობა შს მინისტრს ვანო მერაბიშვილს და პრეზიდენტ სააკაშვილს დაეკისრებათ.

This post is also available in: English Русский

Back to top button