
გივი თარგამაძე მუხროვანის ამბოხებასთან რუსულ კავშირზე საუბრობს
დეპუტატმა მმართველი პარტიიდან გივი თარგამაძემ განაცხადა, რომ მუხროვანის ჩაშლილი ამბოხება რუსეთში მოღვაწე ბიზნესმენის მხარდაჭერით მზადდებოდა, რომელსაც კავშირები აქვს რუსეთის პრემიერ-მინისტრთან ვლადიმერ პუტინთან.
გივი თარგამაძემ, რომელიც პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარეა, განაცხადა ”რუსთავი 2”-ის გადაცემა ”პოზიციაში” საუბრისას, რომ გეგმის მიზანი იყო ”სულ ცოტა არეულობების გამოწვევა” საქართველოში ან ”მაქსიმუმ ნიადაგის მომზადება თბილისში რუსეთის საოკუპაციო ძალების შემოსასვლელად”.
”მე თავს ვიკავებდი ამ ადამიანის დასახელებისგან, რომელმაც ყველაფერი ეს მოაწყო, სანამ ამ პიროვნებამ თავად არ განაცხადა, რომ ამ ჩაშლილი ამბოხების შემდეგ, იგი ვეღარ მოიცდის და კენჭი უნდა იყაროს პრეზიდენტად მომავალ არჩევნებში – ეს არის ბატონი ებრალიძე; და თუ არის ვინმე, ვისაც ჰგონია, რომ დღევანდელ რუსეთში შესაძლებელია იყო მილიარდელი ოლიგარქი სანქტ-პეტერბურგში ყველაზე ცნობილი სანქტ-პეტერბურგელის [ვლადიმირ პუტინის] კონტროლის გარეშე, ძალიან ცდება,” – განაცხადა თარგამაძემ.
ალექსანდრე ებრალიძე არის სანქტ-პეტერბურგში მოღვაწე ოლიგარქი, ეთნიკური ქართველი წარმოშობით ბათუმიდან. იგი უკვე 30 წელიწადზე მეტია რაც რუსეთში ცხოვრობს. მიმდინარე თვეში მან განაცხადა, რომ აქვს ამბიცია საქართველოს პრეზიდენტი გახდეს. მან ეს განცხადება სოჭში ”საქართველოს ხალხების ასამბლეაზე” გააკეთა. ამ განცხადებამ ზოგიერთი იმ მონაწილის პროტესტი გამოიწვია, რომლებიც სოჭში თბილისიდან ჩავიდნენ. ამ მონაწილეებს შორის იყვნენ საქართველოს ხელისუფლების ცნობილი ოპონენტები, რომლებიც ებრალიძის განცხადების შემდეგ დარბაზი დატოვეს.
თარგამაძემ ასევე განაცხადა, რომ 2009 წლის იანვრიდან რამოდენიმე შეხვედრა გაიმართა ”დსთ-ს ერთ-ერთ სახელმწიფოში”, რომელიც მან არ დააკონკრეტა, ”ზოგიერთი მეამბოხის” მონაწილეობით, რათა დაეგეგმათ ამბოხება.
”ეს შეხვედრები ტარიელ ონიანის და ბონდო შალიკიანის ხელმძღვანელობით გაიმართა,” – განაცხადა თარგამაძემ.
18 მაისს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბონდო შალიკიანი საქართველოში მიმდინარე საპროტესტო აქციების აქტიური მხარდამჭერია. შალიკიანი, ყოფილი დეპუტატი და ერთ დროს ოლიგარქი, რომელსაც იმერეთში ჰქონდა ბიზნეს აქტივები, 2004 წელს დააპატიმრეს სახელმწიფო სახსრების მითვისების გამო, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც დათანხმდა თავისი ქონების ნაწილი ხელისუფლებისთვის გადაეცა. შემდეგ მან ქვეყანა დატოვა და რუსეთში გაემგზავრა, სადაც ამჟამადაც ცხოვრობს. 18 მაისს გაზეთმა ”კვირის პალიტრამ” გამოქვეყნა ინტერვიუ შალიკიანთან, რომელშიც ის ამბობს: ”ძალღონეს არ დავიშურებ, რათა მას [სააკაშვილს] პასუხი ვაგებინო ყველაფრისთვის, რაც მან გააკეთა”.
თბილისში საპროტესტო აქციების დაწყებამდე ჯერ კიდევ ერთი თვით ადრე შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა განაცხადა, რომ ტარიელ ონიანი და ხელისუფლების კიდევ რამოდენიმე ყოფილი წარმომადგენელი, რომელთაც ”ვარდების რევოლუციის” შემდეგ ქვეყანა დატოვეს, ფინანსურად ეხმარებიან ქართულ ოპოზიციას საპროტესტო აქციების ორგანიზებაში.
”თუმცა ისინი არ არიან მთავარი პირები, რომლებიც დააფინანსებენ ქართულ ოპოზიციას თუ სხვა პროვოკაციებს, რომელიც საქართველოში შეიძლება განხორციელდეს. მათი სპონსორები იქნებიან გაცილებით უფრო სერიოზული პირები,”- განაცხადა მერაბიშვილმა 6 მარტს.