skip to content
ახალი ამბები

უგულავა პრეზიდენტის ზოგიერთ წინადადებას განმარტავს

თბილისის მერმა გიგი უგულავამ, რომელიც მმართველი პარტიის გავლენიანი წარმომადგენელია, დღეს ახსნა ზოგიერთი იმ წინადადების არსი, რომელიც პრეზიდენტმა 11 მაისს გამართულ შეხვედრაზე ოპოზიციის წარმომადგენლებს შესთავაზა.

უგულავას განცხადებით, ”ძალიან სწრაფ ვადებში” უნდა დაიდოს კონსტიტუციის ახალი მოდელი დაგეგმილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ, რომელსაც ოპოზიციის წარმომადგენელი ჩაუდგება სათავეში. 

”დაიდება კონსტიტუციის ახალი მოდელი, რომელიც არსებითად აძლიერებს პარლამენტის უფლებამოსილებას საპრეზიდენტო მმართველობის ხარჯზე და რაც მთავარია იძლევა მთავრობის, როგორც დამოუკიდებელი სუბიექტის ანუ პარლამენტზე დამოკიდებული სუბიექტის დაკომპლექტების შესაძლებლობას,”- განაცხადა მან,  ”ანუ პარლამენტში გამარჯვებული ძალები აკომპლექტებენ მთავრობას, ამაში პრეზიდენტი არ იღებს მონაწილეობას”.

იმავდროულად, ქრისტიან-დემოკრატები, რომლებიც პარლამენტში ყველაზე დიდი ოპოზიციური ჯგუფია, საკუთარ  – საპარლამენტო რესპუბლიკის  – მოდელზე საუბრობენ, რომლის თანახმადაც უპარტიო პრეზიდენტს ირჩევს პარლამენტი.

”ამ [საკონსტიტუციო] კომისიამ უნდა შეიმუშაოს პრაქტიკულად კონსტიტუციის ახალი მოდელი, რის შემდეგაც უნდა ჩატარდეს რეფერენდუმი, რათა ამ კონსტიტუციას ჰქონდეს უკვე საზოგადოებრივი მხარდაჭერის და ლეგიტიმაციის მაღალი ვოტუმი და შემდეგ უკვე ამ კონსტიტუციაში გათვალისწინებული ვადებიდან გამომდინარე უნდა ჩატარდეს საპარლამენტო არჩევნები, რაც პრაქტიკულად გააფორმებს უკვე ქვეყანაში საპარლამენტო რესპუბლიკის არსებობას,”- განაცხადა ქრისტიან-დემოკრატების წარმომადგენელმა, დეპუტატმა გიორგი ახვლედიანმა, ”შემდეგ უკვე პარლამენტი აირჩევს პრეზიდენტს, რომელიც იქნება წარმომადგენლობითი უფლებებით აღჭურვილი, მაგრამ იმავდროულად იქნება პოლიტიკური არბიტრი, ზეპარტიული – არცერთი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელი ის არ იქნება”.

იმავდროულად, თბილისის მერმა განმარტა საარჩევნო კოდექსის გაუმჯობესების გეგმებიც, რომელიც თავდაპირველად უნდა გამოიცადოს ვადამდელ თვითმმართველობის არჩევნებზე და ”შემდეგ უკვე ვისაუბროთ საპარლამენტო არჩევნებზე”.

ადრე უგულავამ გაახმოვანა ხელისუფლების შესაძლო წინადადება 2010 წლის თვითმმართველობის არჩევნების შემოდგომის ნაცვლად, მომავალი წლის გაზაფხულზე გადმოწევასთან დაკავშირებით.

”ჯერ უნდა შეიქმნას ერთობლივად ისეთი საარჩევნო კოდექსი, რომელშიც ძირითადი მოთამაშეები შეთანხმებული იქნებიან და შემდეგ ეს დავტესტოთ იმ არჩევნებზე, რომელიც მოდის – ეს არის ადგილობრივი არჩევნები და ჩვენ შევთავაზეთ ასევე გადმოვწიოთ ეს არჩევნები და თბილისში, თუ ისინი [ოპოზიცია] თანახმა იქნებიან, იქნება პირდაპირი მერის არჩევნები –  რაც მოგვცემს შესაძლებლობას ძირითად პოლიტიკურ მოთამაშეებს აწონ-დაწონონ თავისი ძალები, შესაძლებლობები და ვნახოთ, როგორ ჩავატარებთ უფრო მეტი ნდობის ხარისხით არჩევნებს,” – განაცხადა მან.

უგულავამ იქვე მოიყვანა არგუმენტები, თუ რატომ არ შეიძლება საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ძალების მოთხოვნის დაკმაყოფილება ვადამდელ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით.

”რატომ არ შეიძლება დღეს, აი ასეთ პირობებში რიგგარეშე არჩევნების ჩატარება – ერთი იმიტომ, რომ არჩევნები შარშან იყო, მეორე იმიტომ, რომ ეკონომიკური კრიზისია და მესამე იმიტომ, რომ რაც მთავარია, არჩევნების დამთავრების შემდეგ ეს თუ არა, სხვა პოლიტიკური ჯგუფები გამოვლენ იგივე მოთხოვნებით, იგივე უნდობლობით არჩევნების მიმართ და ეს სიტუაციას მთლიანად ააფეთქებს და არ მიგვიყვანს წესრიგამდე და სიტუაციის განმუხტვამდე, არამედ პირიქით ესკალაციას გამოიწვევს,”- განაცხადა მან.

თბილისის მერმა ასევე  განმარტა შინაარსობრივად მედიასთან დაკავშირებით პრეზიდენტის წინადადებების ის ნაწილი, რომელიც საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის რეფორმირებას ეხება. პრეზიდენტმა ასევე გამოთქვა მზადყოფნა, რომ ხელახლა დაკომპლექტდეს მაუწყებლის სამეურვეო საბჭო.

”ჩვენ ვთავაზობთ მეორე არხის რეფორმას, რომელიც პრაქტიკულად იქნება თავისუფალი მიკროფონი ყველა თუნდაც მცირე და ურეიტინგო პოლიტიკური ჯგუფებისთვის თავისი აზრი დაუმონტაჟებლად – იცით, რომ ძირითადი პრეტენზიები არის რედაქციული პოლიტიკის მიმართ მათი [ოპოზიციის] მხრიდან – გადაიცეს თითოეული ასეთი ჯგუფის ბრიფინგები პირდაპირ ეთერში, რომ არავის შემდეგ არ ქონდეს პრეტენზია მონტაჟზე,”- განაცხადა უგულავამ.

მან ასევე გამოთქვა იმედი, რომ ”რადიკალური ოპოზიციის ლიდერებს შორის” გაიმარჯვებს ”ჯანსაღი აზრი” და  ”დაიწყება ჯანსაღი მოლაპარაკებები, რომელსაც ალტერნატივა არ აქვს”.

იმავდროულად საპროტესტო აქციების ორგანიზატორი ძალები, რომელთაც პრეზიდენტთან პირველი უშედეგო შეხვედრის შემდეგ აქციების გამწვავებისკენ მოუწოდეს, სამოქმედო გეგმაზე მსჯელობენ დემოკრატიული მოძრაობა ერთიანი საქართველოს ოფისში მიმდინარე შეკრებაზე.

ამ შეხვედრის დაწყებამდე მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ არასაპარლამენტო ოპოზიცია არ აპირებს წამოეგოს ”სატყუარას” და შევიდეს ხელისუფლებასთან მოლაპარაკებებში საარჩევნო კოდექსსა და საკონსტიტუციო ცვლილებებზე.

”აქციები გაგრძელდება, იქნება უფრო ფართომასშტაბიანი, უფრო მწვავე,”- განაცხადა მან, ”არ აპირებს ეს ხალხი პოლიტიკურ ოპოზიციასთან ერთად უკან დახევას”.

კონსერვატიული პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მას არ სჯერა ხელისუფლებასთან მოლაპარაკებები რაიმე შედეგს გამოიღებს, ”ყველას აზრი არის, რომ ეს შეხვედრები უნდა გაგრძელდეს”.

”იმიტომ, რომ სხვაგვარად შეუძლებელი არის რაღაც პოლიტიკური შედეგის მიღწევა, მაგრამ აქციების ფონზე,”- განაცხადა მან.

მისი თქმით: ”ეს იყო დაჟინებული თხოვნა ჩვენი დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებისა, რომ დიალოგის გზით უნდა გადაწყდეს პრობლემები ქვეყანაში”.

ოპოზიცია საკუთარ სამოქმედო გეგმას, სავარაუდოდ, დღეს პარლამენტის წინ დაგეგმილ საპროტესტო აქციაზე გამოაცხადებს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button