ამერიკის სავაჭრო პალატა: ქუჩების გადაკეტვა ზიანს აყენებს ბიზნესს
მთავარი ქუჩების გადაკეტვა და პოლიტიკური გაურკვევლობა ზიანს აყენებს ბიზნესს, ნათქვამია განცხადებაში, რომელიც 12 მაისს გაავრცელა ამერიკის სავაჭრო პალატამ საქართველოში (AmCham-Georgia).
იგი მიესალმა დიალოგს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის. ”კანონზე დაფუძნებული დემოკრატიის პირობებში პოლიტიკური ცვლილება, ისევე როგორც პოლიტიკური ძალაუფლების შენარჩუნება, მიღწევადია მხოლოდ კანონიერი და დემოკრატიული გზებით,” – ნათქვამია განცხადებაში.
”9 აპრილიდან მოყოლებული, თბილისის მაცხოვრებლებსა და მის სტუმრებს მთავარი ქუჩების გადაკეტვის გამო დისკომფორტი ექმნებათ. შექმნილი ვითარება ზიანს აყენებს ბიზნესს და ქვეყანაში არსებული პოლიტიკური არასტაბილურობა თავის მხრივ უარყოფით გავლენას ახდენს მათ პარტნიორებზე, კლიენტებსა და ინვესტორებზე,” – აცხადებს ამერიკის სავაჭრო პალატა.
”ორივე მხარეს მოვუწოდებთ პატივი სცენ ქართველ ხალხს და იმოქმედონ ქვეყნაში შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობის გამოსასწორებლად და დემოკრატიული ინსტიტუტების შესანარჩუნებლად. დედაქალაქს დაუყოვნებლივ უნდა მიეცეს შეუფერხებელი ფუნქციონირების საშუალება. დაპირისპირებულ მხარეებს კიდევ ერთხელ ვთხოვთ, ითანამშრომლონ პრობლემების მოგვარებისათვის აუცილებელი გრძელვადიანი პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღწევად, რაც საბოლოო ჯამში მთელ ქვეყანას მოუტანს სარგებელს,” – ნათქვამია განცხადებაში.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)