ახალი ამბები

სააკაშვილი ოპოზიციას ორშაბათს შეხვდება

პრეზიდენტ სააკაშვილსა და ოპოზიციის ლიდერებს შორის შეხვედრა ორშაბათას 14:00 სთ–ზე გაიმართება.

ოპოზიციის მხრიდან შეხვედრაში მონაწილეობას ალიანსი საქართველოსთვის ლიდერი ირაკლი ალასანია; საქართველოს გზის ლიდერი სალომე ზურაბიშვილი; ეროვნული ფორუმის ლიდერი კახა შარტავა და ასევე ლევან გაჩეჩილაძე მიიღებენ.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ კვირას გაავრცელა შემდეგი განცხადება:

"საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ დაადასტურა და გამოთქვა მზადყოფნა, ნებისმიერ პოლიტიკურ ძალასთან შესახვედრად.  ხვალ, 11 მაისს, 14 საათზე მიხეილ სააკაშვილი აქციის ორგანიზატორებს შეხვედრას სთავაზობს.

ასევე ხვალ, დღის განმავლობაში საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას სთავაზობს საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენლებს.

მიხეილ სააკაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ ხელისუფლება ყველა პოლიტიკურ ძალასთან ერთობლივი ძალისხმევით შეძლებს ქვეყანაში არსებული პრობლემების დაძლევას.“

ალიანსი თავისუფლებისთვის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი სააკაშვილთან შეხვედრაში მონაწილეობას არ მიიღებენ; მსგავსი განცხადება არაერთხელ გაუკეთებია ნინო ბურჯანაძესაც; თუმცა როგორც ბურჯანაძე, ასევე ალიანსი თავისუფლებისთვის წარმომადგენლები აღნიშნავენ, რომ ოპოზიციის ერთობაზე მათი გადაწყვეტილება გავლენას ვერ იქონებს და ისინი სხვა ლიდერების შეხვედრას პრეზიდენტთან ხელს არ შეუშლიან.

”ჩემი აზრით ეს შეხვედრა არის სააკაშვილის მხრიდან დროის გაყვანის ტაქტიკის ნაწილი,“ – განაცხადა კონსტანტინე გამსახურდიამ, პარტია თავისუფლების ლიდერმა, რომელიც ალიანსი თავისუფლებისთვის წევრია.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button