ახალი ამბები

ამერიკელი დეპუტატები საქართველოსთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებისკენ მოუწოდებენ

დემოკრატმა სენატორმა ჯონ კერიმ და რესპუბლიკელმა კონგრესმენმა დევიდ დრეიერმა არასავალდებულო ძალის მქონე რეზოლუციები წარმოადგინეს, სადაც საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობაზე შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებისკენ მოუწოდებენ.

”ეს არის კონსტრუქციული ნაბიჯი ქართველი ხალხის დასახმარებლად, რათა მათ მიაღწიონ თავიანთი ქვეყნის რეკონსტრუქციას და ეკონომიკურ განვითარებას,” – განაცხადა სენატის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარემ ჯონ კერიმ 7 მაისს გავრცელებულ განცხადებაში, ”ამერიკის შეერთებულ შტატებთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ ხელშეკრულება ვერ გადაჭრის საქართველოს ყველა პრობლემას, მაგრამ ამას დადებითი შედეგი ექნება. ეს არის ჩვენი ქვეყნის შესაძლებლობა, რომ გავუძღვეთ ამას. იმედი მაქვს, რომ ევროპაც ანალოგიურ ქმედებას განახორციელებს და ვიმედოვნებ, რომ რუსეთი მოხსნის იმ დაბრკოლებებს, რომელიც საქართველოსთან ვაჭრობის კუთხით შექმნა”.

”მიმდინარე კვირის ამბოხების მცდელობა თბილისში იმას გვახსენებს, რომ საჭიროა საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერება და იმის უზრუნველყოფა, რომ ქართული ხალხის მოთხოვნა სტაბილურობისთვის, დემოკრატიისა და კეთილდღეობისთვის განხორციელდება,” – განაცხადა რესპუბლიკელმა დევიდ დრეიერმა იმავე განცხადებაში, ”მე ვერ წარმომიდგენია უკეთესი გზა მათ დასახმარებლად ამ საქმეში, გარდა იმისა, რომ გავაფართოვოთ საერთაშორისო ვაჭრობა, რაც ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ზრდას და ახალი ინვესტიციების მოზიდვას”. 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button