
ოპოზიცია სააკაშვილთან შეხვედრას ითხოვს
საპროტესტო აქციების ორგანიზატორი პარტიები მოითხოვენ პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების განსახილველად.
ამის შესახებ საუბარია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც ეროვნული ფორუმის ერთ-ერთმა ლიდერმა გუბაზ სანიკიძემ გაანცო პარლამენტის წინ შეკრებილ რამოდენიმე ათას მომიტინგეს აქციების დაწყებიდან 29-დღეს. მისი თქმით, ამ განცხადების ადრესატია ხალხი და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე ნაკლებად ინფორმირებული საერთაშორისო საზოგადოება.
”შექმნილ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ რეალურ გამოსავლად გვესახება სააკაშვილისა და მისი რეჟიმის შეცვლა მშვიდობიანი და კონსტიტუციური მეთოდებით, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით,”- ნათქვამია განცხადებაში, ”ამასთან ერთად ქვეყანაში ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესების წარმართვის მიზნით, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლის მთავარი პირობაა, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას სააკაშვილს შევხვდეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების განსახილველად”.
”ამ შეხვედრაზე, რომელიც გამჭვირვალე გარემოში უნდა გაიმართოს, ჩვენ ვაპირებთ მას წარვუდგინოთ ჩვენი პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკური პროცესების უსაფრთხოდ წარმართვისა და არჩევნებისათვის სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ ღონისძიებებზე,”- ნათქვამია განცხადებაში.
გუბაზ სანიკიძემ განაცხადა, რომ ახლა ჯერი ხელისუფლებაზეა დაასახელოს შეხვედრის ”დრო და ადგილი, თუ მას [სააკაშვილს]დიალოგი უნდა. სიტყვა მასზე არის”.
”ბოლო ოთხი დღეა ხელისუფლება დადუმდა ე.წ. დიალოგზე,”- განაცხადა მან, ”მათ ჰქონდათ ტრიუკი თითქოს ოპოზიცია არის რადიკალურად განწყობილი, არაფერზე არ არის წამომსვლელი”.
ოპოზიციის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ 9 მაისს – აქციების დაწყებიდან ერთი თვის თავზე – ფართომასშტაბიანი აქცია იგეგმება.
”უფრო გამწვავდება ეს აქციები. ჩვენ გეგმაზე არ ვამბობთ უარს, რომლის შედეგი ერთადერთია- სააკაშვილის წასვლა ხელისუფლებიდან,”- განაცხადა სანიკიძემ.
ალიანსი საქართველოსთვის ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა, რომ გადაუდებელ ამოცანად მიიჩნევს პრეზიდენტ სააკაშვილთან შეხვედრას ”წინაპირობების გარეშე”, სადაც ”გაირკვევა რა საკითხებზე შესაძლებელია შეთანხმება, რა საკითხებზე არა”.
”გუშინდელმა დღემ და ბოლო დღეებში განვითარებულმა მოვლენებმა მე პირადად და ალბათ, მთელ საზოგადოებას დაანახა, რომ ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ, ნაბიჯ-ნაბიჯ მივდივართ ისეთი კრიზისული ვითარებისკენ, როდესაც შეიძლება კონტროლიდან გავიდეს მოვლენები, ამიტომ გადაუდებელ აუცილებლობად მიმაჩნია, რაც შეიძლება სწრაფად შედგეს მოლაპარაკებები ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის,”- განაცხადა მან 7 მაისს ევროპელ დიპლომატებთან ოპოზიციის ლიდერთა ჯგუფის შეხვედრის დასრულების შემდეგ.
”ოპოზიცია გამოხატავს სრულ მზადყოფნას შედგეს შეხვედრა ხელისუფლებასთან, პრეზიდენტ სააკაშვილთან, რათა დავიწყოთ ამ ქვეყნის პოლიტიკური კრიზისიდან გამოყვანა,”- განაცხადა ალასანიამ.