
ოპოზიციის ერთობლივი განცხადება – სრული ტექსტი
აპრილის აქციების ორგანიზატორი პოლიტიკური ძალების განცხადება, 7 მაისი, 2009 წელი
”ბოლო დღეებში სააკაშვილის ხელისუფლების უპასუხისმგებლო და პროვოკაციულმა ქმედებებმა სახელმწიფო კიდევ ერთხელ დააყენა ძალადობის ესკალაციისა და სახელმწიფოში უმართავი პროცესების დაწყების საფრთხის წინაშე.
ეს მოვლენები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სააკაშვილის რეჟიმს აღარ ძალუძს უზრუნველყოს ქვეყნის უსაფრთხო განვითარება და სახელმწიფოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების სტაბილური შესრულება.
შექმნილ ვითარებაში ჩვენ კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ სახელმწიფოში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთ რეალურ გამოსავლად გვესახება სააკაშვილისა და მისი რეჟიმის შეცვლა მშვიდობიანი და კონსტიტუციური მეთოდებით, რიგგარეშე საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნების ჩატარებით.
ამასთან ერთად ქვეყანაში ძალადობის ესკალაციის თავიდან აცილებისა და მშვიდობიანი პოლიტიკური პროცესების წარმართვის მიზნით, რაც ხელისუფლების მშვიდობიანი, კონსტიტუციური გზით შეცვლის მთავარი პირობაა, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ მზადყოფნას სააკაშვილს შევხვდეთ ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის გზების განსახილველად.
ამ შეხვედრაზე, რომელიც გამჭვირვალე გარემოში უნდა გაიმართოს, ჩვენ ვაპირებთ მას წარვუდგინოთ ჩვენი პოზიცია ზემოაღნიშნულ საკითხებზე, მათ შორის პოლიტიკური პროცესების უსაფრთხოდ წარმართვისა და არჩევნებისათვის სამართლიანი გარემოს ჩამოყალიბების აუცილებელ ღონისძიებებზე”.