ახალი ამბები

ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი ბიწაძეს შეხვდა

სამხრეთ კავკასიაში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი პიტერ სემნები, რომელიც კვლავ სტუმრობს თბილისს, დღეს სასაზღვრო პოლიციის ყოფილ უფროსს, სასაზღვრო უსაფრთხოებისა და მიგრაციის კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელს ბადრი ბიწაძეს შეხვდა.

ერთ-საათიანი დახურული შეხვედრის შემდეგ ბადრი ბიწაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მან პიტერ სემნების მიაწოდა ინფორმაცია და ფაქტები სასაზღვრო პოლიციის ყოფილ თუ მოქმედ თანამშრომლებზე ბოლო პერიოდში განხორციელებული ”ტერორისა და შანტაჟის” შესახებ. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტები რეაგირების გარეშე არ უნდა დარჩეს.

ბადრი ბიწაძემ, რომელიც იმავდროულად შს მინისტრის მოადგილე იყო, სასაზღვრო პოლიცია ოქტომბერში დატოვა და მიზეზად უწყების დისკრედიტაციის კამპანია დაასახელა, რაც მისი თქმით, იმით იყო განპირობებული, რომ ის ოპოზიციაში გადასული ნინო ბურჯანაძის მეუღლე იყო.

Back to top button