ახალი ამბები

ბაქრაძე: სატელევიზიო მოლაპარაკებებზე ოპოზიციის მოწოდება ’არასერიოზულია’

პარლამენტის თავმჯდომარემ დავით ბაქრაძემ განაცხადა, რომ ოპოზიციის ლიდერების შემოთავაზება პრეზიდენტ სააკაშვილთან პირდაპირ ეთერში შეხვედრის გამართვის თაობაზე არასერიოზულია.

”ჩვენ მხარს ვუჭერთ დიალოგს და არა სატელევიზიო შოუებს,” – განაცხადა მან ”რუსთავი 2”-ის გადაცემაში ”პოზიცია” საუბრისას 10 აპრილს, ”ის, რასაც ისინი გვთავაზეობენ არის სატელევიზიო დებატები, და არა აზრიანი დიალოგი… ეს შემოთავაზება არ არის შედეგზე ორიენტირებული”.

ამგვარი წინადადებით ოპოზიციის ლიდერები გუშინდელ აქციაზე გამოვიდნენ. მათი თქმით, ისინი მზად არიან შეხვედნენ პრეზიდენტ სააკაშვილს საზოგადოების ნდობით აღჭურვილი პირების თანდასწრებით.

დავით ბაქრაძემ ასევე განაცხადა, რომ იგი ვერ ხედავს რაიმე პრობლემას იმ შეხვედრის ორგანიზებაში, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებიც დაესწრებიან.

მისი თქმით, პრეზიდენტ სააკაშვილის პირადი მონაწილეობა ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში შესაძლებელია, თუ დიალოგი შედეგზე ორიენტირებული იქნება. მან ასევე აღნიშნა, რომ ჩვეულებისამებრ ამ ტიპის აქციები დიდხანს არ გრძელდება.

საქართველოს უშიშროების საბჭოს მდივანმა ეკა ტყეშელაშვილმა განუცხადა ჟურნალისტებს 10 აპრილს, რომ ხელისუფლებას კონტაქტები აქვს ოპოზიციასთან. თუმცა, მისი თქმით, ეს კონტაქტები არ არის ისეთი ინტენსიური, როგორც ისინი აქციებამდე იყო. ტყეშელაშვილმა დეტალებზე საუბრისგან თავი შეიკავა, განაცხადა რა, რომ მედიის ჩაძიებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ კონტაქტებს.

10 აპრილს გარდა რუსთაველის გამზირისა აქციები ასევე გაიმართა საზოგადოებრივი მაუწყებლის წინ და პრეზიდენტის რეზიდენციასთან. ოპოზიციის თქმით, პარალელური აქციები მომდევნო დღეებშიც გაგრძელდება. რუსთაველზე მოძრაობა კვლავ გადაკეტილია, რამდენიმე საათით მოძრაობა საზოგადოებრივი მაუწყებლის და პრეზიდენტის რეზიდენციის წინაც გადაიკეტა.

10 აპრილს პრეზიდენტმა სააკაშვილმა განუცხადა უცხოელი ჟურნალისტების ჯგუფს, რომ ხელისუფლების წინადადება დემოკრატიული რეფორმების შესახებ დიალოგზე ”რეალური და საფუძვლიანია”.  

გადადგომის თაობაზე ოპოზიციის მოთხოვნასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე, Associated Press-ის თანახმად, სააკაშვილმა უპასუხა: ”ნათელია, რომ პასუხი ამ კითხვაზე არის ”არა” და ყოველთვის იყო ”არა”, რადგანაც ეს ასეა კონსტიტუციის თანახმად”.

საქართველოს ყოფილმა ელჩმა ეუთოში ვიქტორ დოლიძემ განაცხადა 10 აპრილს, რომ იგი დარწმუნებულია, რომ ოპოზიციის აქცია თანდათან ხელისუფლების შეცვლას გამოიწვევს, თუმცა მან იქვე დასძინა: ”ეს ახლო მომავალში არ მოხდება”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button