
ერთობის მანიფესტი
ერთობის მანიფესტი, 2009 წლის 27 მარტი
ბოლო პერიოდის მმართველობის განმავლობაში ხელისუფლებამ სახელმწიფოს განვითარება ჩიხში მოაქცია. ქვეყანა ღრმა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ კრიზისში იმყოფება. ხელისუფლების მიერ ადამიანის უფლებათა რეგულარულმა დარღვევამ, კერძო საკუთრების ხელყოფამ, დამოუკიდებელი სასამართლოს სრულმა დაკნინებამ, ბოლოს კი, 2008 წლის აგვისტოში რუსეთის მიერ დაგეგმილ და ინიცირებულ სამხედრო პროვოკაციაში ჩართვამ ქვეყნის მოსახლეობის უდიდეს ნაწილში ხელისუფლების მიმართ უნდობლობის გარდა, უიმედობა და ნიჰილიზმი გააღვივა.
ქვეყნის მომავლის გადასარჩენად, პირველ რიგში, აუცილებელია, რომ გადადგეს მიხეილ სააკაშვილი და დაინიშნოს ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები.
მხოლოდ ამის შემდეგ გახდება შესაძლებელი დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აშენება, რომელშიც დამყარდება კანონის უზენაესობა, სასამართლო იქნება დამოუკიდებელი და სამართლიანი და დაცული იქნება თითოეული მოქალაქის ფუნდამენტური უფლებები.
ჩვენ ვადასტურებთ, რომ 2009 წლის 9 აპრილს დავიწყებთ მშვიდობიან საპროტესტო აქციას, რომლის მეშვეობით უნდა მივაღწიოთ პრეზიდენტის თანამდებობიდან მიხეილს სააკაშვილის გადადგომას და ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნას.
ამასთანავე ვადასტურებთ, რომ:
1. ეს საპროტესტო აქცია გამოხატავს ქვეყნის მოსახლეობის დიდი ნაწილის ნებას;
2. აქცია იქნება მშვიდობიანი და წარიმართება კონსტიტუციურ ფარგლებში;
3. ვიმოქმედებთ ხალხის ნებაზე დაყრდნობით და მასთან შეთანხმებით;
4. აქციაში მონაწილე საზოგადოებისა და პოლიტიკური ძალების სამოქმედო გეგმები იქნება ერთმანეთთან შეთანხმებული და კოორდინირებული;
5. ჩვენ, მანიფესტის ერთგულნი პატივისცემასა და თანამშრომლობას აღვუთქვამთ აქციაში მონაწილე პოლიტიკოსებს, პოლიტიკურ სუბიექტებსა და საზოგადოების წარმომადგენლებს.
ამასთანავე, ახლანდელი ხელისუფლების ყველა იმ მომხრესა და წევრს, ვინც დროულად გაიზიარებს ჩვენს სულისკვეთებას, ვთავაზობთ თანამონაწილეობას თავისუფალი, დემოკრატიული, სამართლებრივი სახელმწიფოს აღმშენებლობის პროცესში.