ახალი ამბები

დეპუტატი უმცირესობიდან საპარლამენტო მუშაობას ბოიკოტს უცხადებს

დეპუტატმა საპარლამენტო უმცირესობიდან კარლო კოპალიანმა 27 მარტს განაცხადა, რომ ბიოკოტს უცხადებს საპარლამენტო საქმიანობას და უერთდება აპრილში დაგეგმილ საპროტესტო აქციებს. 

კოპალიანმა ასევე განაცხადა, რომ ტოვებს გია თორთლაძის ფრაქციას ”ძლიერი საქართველო” და რეგიონული და თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობას.

”როცა დარღვეულია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, დაკარგულია ახალი ტერიტორიები, ქვეყანა იმყოფება ღრმა პოლიტიკურ კრიზისში, როგორც ხალხის ნდობით აღჭურვილს, დუმილი დანაშაულად მიმაჩნია, ამიტომ ჩემს ხმას ვუერთებ არასაპარლამენტო ოპოზიციის, საერთოდ საზოგადოების მოთხოვნას ხელისუფლების კონსტიტუციურად, მშვიდობიანად შეცვლის შესახებ,”- თქვა მან საგანგებო ბრიფინგზე.

იგი მაისში რესპუბლიკური პარტიის მიერ იყო წარდგენილი ცაგერის რაიონში მაჟორიტარ კანდიდატად და გამარჯვების შემდეგ არ შეუერთდა მოწოდებას მანდატებზე უარის თქმის თაობაზე.

კოპალიანის ამ ნაბიჯით გია თორთლაძის ფრაქციას დაშლის საფრთხე არ ემუქრება, რადგან რამდენიმე დღის წინ ფრაქციაში ლეიბორისტული პარტიის სიით გასული დეპუტატი ნუგზარ ერგემლიძე გაწევრიანდა.

Back to top button