ახალი ამბები

ექსპერტების საშუამავლო ინიციატივა

12 ქართველი ექსპერტი გამოთქვამს მზადყოფნას ძალადობის თავიდან ასაცილებლად შუამავლის როლი იკისროს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის პოლიტიკური კრიზისის პირობებში.

”აშკარაა პროცესების ესკალაციისა და რადიკალიზაციის სახიფათო ტენდენცია,” – ნათქვამია ექსპერტების ერთობლივ მიმართვაში, ”გაუაზრებელმა ნაბიჯმა ან პროვოკაციამ შეიძლება მთლიანად ამოგვაგდოს სამართლებრივი ჩარჩოებიდან და უმართავი პროცესები გამოიწვიოს. სამწუხაროდ, შიდა და გარე საფრთხეების გათვალისწინებით, რისკი ფრიად დიდია”.

მიმართვაში, რომელსაც ხელს აწერენ ზურაბ აბაშიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, სოსო ცისკარიშვილი, ლაშა ტუღუში, ირაკლი სესიაშვილი, მერაბ კაკულია, ლადო პაპავა, არჩილ გეგეშიძე, გიორგი ხუციშვილი, გია ხუხაშვილი, ზაქარია ქუცნაშვილი, რამაზ საყვარელიძე, ნათქვამია, რომ ”კატეგორიულად მიუღებელია ძალადობა, როგორც ხელისუფლების შენარჩუნების, ისე ხელისუფლებაში მოსვლის ინსტრუმენტი”.

ექსპერტები ასევე აღნიშნავენ, რომ პასუხისმგებლობა პირველ რიგში ეკისრება ხელისუფლებას, რომელსაც მოუწოდებენ შეწყდეს ”ადმინისტრაციული ორგანოების გამოყენება პოლიტიკურ ოპონენტთა დისკრედიტაციის მიზნით”. 

ექსპერტები მზადყოფნას გამოხატავენ პროცესების არაძალადობრივი გზით განვითარების საქმეში ითანამშრომლონ დასავლელ პარტნიორებთან და სამოქალაქო საზოგადოებასთან.

” მზად ვართ ამ საკითხში გავითვალისწინოთ მისი უწმინდესობის, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია-II-ს აზრი,” -ნათქვამია მიმართვაში.

Back to top button