skip to content
ახალი ამბები

სომხეთი სააკაშვილს პოლიტკორექტულობისკენ მოუწოდებს

პრეზიდენტ სააკაშვილის განცხადებები სომხეთის ეკონომიკის შესახებ უსაფუძვლოა და პოლიტკორექტურობას არ შეესაბამება, განაცხადა სომხეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა სამველ ფარმანიანმა 10 მარტს.

სააკაშვილმა განაცხადა 7 მარტს, რომ სომხეთის ეკონომიკამ კრახი განიცადა, რადგანაც ის მთლიანად იყო დამოკიდებული რუსეთის ბაზარზე. ”როდესაც რუსეთის ბაზარი ჩამოიშალა, სომხეთის ეკონომიკასაც იგივე ბედი ეწია,” – განაცხადა მან.

”ის დახასიათება, რომელიც საქართველოს პრეზიდენტმა სომხეთის ეკონომიკას მისცა გასართობი ცენტრის გახსნის დროს, უსაფუძვლოა. არა მგონია, რომ ამგვარი დახასიათება საუკეთესო ვარიანტი იყოს საკუთარი ხალხის ყურადღების გადასატანად იმ უამრავი პრობლემებიდან, რომელიც საქართველოში არსებობს,” – იტყობინება ერევანში განთავსებული საინფორმაციო სააგენტო ”ახალი ამბები სომხეთი” ფარმანიანის სიტყვებზე დაყრდნობით.

მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ სომხეთის პრეზიდენტს მრავალჯერ სთხოვეს კომენტარი გაეკეთებინა მეზობელ ქვეყნებში არსებულ სოციალ-ეკონომიკურ სიტუაციაზე.

”როგორც თქვენ შეამჩნიეთ, [სომხეთის] რესპუბლიკის პრეზიდენტს არასდროს გაუკეთებია კომენტარი ამ პრობლემებზე მიუხედავად იმისა, თუ როგორი მიმზიდველიც არ უნდა ყოფილიყო ესა თუ ის სიტუაცია შესაბამის ქვეყანაში. ამას პოლიტკორექტულობა მოითხოვს,” – დასძინა მან.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button