ახალი ამბები

საზოგადოებრივი მაუწყებელი ”ძებნილ” ოქრუაშვილს სავარაუდოდ ეთერს არ დაუთმობს

საზოგადოებრივი მაუწყებელი ოპოზიციური მოძრაობა ერთიანი საქართველოს მხრიდან ზეწოლის შესახებ საუბრობს და აცხადებს, რომ პარტიის ლიდერის, ”ძებნილი” ირაკლი ოქრუაშვილისთვის ეთერის დათმობა ”საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად მიაჩნია”.

8 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის თოქ-შოუში ”პოლიტიკურ კვირა” ერთ-ერთი სტუმარი იყო მოძრაობა ერთიანი საქართველოსთვის ლიდერი ეკა ბესელია, რომელმაც საჯარო პრეტენზიები გამოხატა იმის გამო, რომ მის ნაცვლად გადაცემაში სტუმარი ირაკლი ოქრუაშვილი უნდა ყოფილიყო და ეჭვი გამოთქვა, რომ საფრანგეთიდან პირდაპირი ჩართვა ხელისუფლების ზეწოლის გამო არ განხორციელდა. იგი შეეცადა გადაცემის წამყვანისგან ინგა გრიგოლიასგან მიეღო გარანტიები, რომ უახლოეს გადაცემაში მისი სტუმარი იქნებოდა ირაკლი ოქრუაშვილი.  გრიგოლიამ დაადასტურა, რომ მას მართლაც აქვს მოლაპარაკებები ოქრუაშვილთან  გადაცემაში მონაწილეობის თაობაზე, თუმცა ხელისუფლების მხრიდან რაიმე ზეწოლა უარყო. მან ასევე პირობა დადო, რომ ზეწოლის არსებობის შემთხვევაში, ის საჯაროდ განაცხადებდა ამის შესახებ.

ირაკლი ოქრუაშვილი ქართული სასამართლოს მიერ მსჯავრდებულად არის გამოცხადებული და ის ძებნაშია. თუმცა იგი, ამავდროულად, პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს საფრანგეთში, საიდანაც დაბრუნებას, ბესელიას განცხადებით, ის უახლოეს მომავალში გეგმავს.  

”საზოგადოებრივი მაუწყებელი საერთაშორისო სტანდარტების დარღვევად მიიჩნევს იმ მსჯავრდებული პირების ეთერში გამოყვანას, რომლებიც იძებნებიან საქართველოს სახელმწიფოს მიერ,”- ნათქვამია საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ 10 მარტს გავრცელებულ განცხადებაში.

”მაუწყებლის ხელმძღვანელობა კატეგორიულად ეწინააღმდეგება პოლიტიკოსების მხრიდან არხზე განხორციელებულ ზეწოლას,”- აცხადებს არხი და აღნიშნავს, რომ ”არასოდეს არ იქნება პოლიტიკური პარტიების პროპაგანდისტული იარაღი და მხოლოდ თვითონ მიიღებს გადაწყვეტილებებს სატელევიზიო პროგრამების შინაარსსა და ფორმატზე”.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button