skip to content
ახალი ამბები

ბრიუსელში ნატო-საქართველოს კომისიის სხდომა გაიმართა

ბრიუსელში 5 მარტს საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე გამართულ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე სხვა საკითხებთან ერთად განხილულ იქნა საქართველოს წლიური ეროვნული პროგრამის შემუშავების საკითხიც, რომელიც გახდება ნატოსა და საქართველოს შორის ”პრაქტიკული თანამშრომლობის” საფუძველი.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იააპ დე ჰოოპ სხეფერმა შეხვედრის გახნისას განაცხადა, რომ ამჟამად საქართველო პროგრამის მომზადების პროცესშია.

”დღეს ჩვენი სურვილია განვიხილოთ წლიური ეროვნული პროგრამის მომზადების მიმდინარეობა, საქართველოში მიმდინარე რეფორმები, ჩვენი დიალოგის გაგრძელება რეგიონალური უსაფრთხოების კუთხით არსებულ სიტუაციაზე, და ის გზები, რომელიც დაეხმარება ნატო-საქართველოს ურთიერთობების შემდგომ განვითარებას,” – განაცხადა მან.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა განაცხადა შეხვედრის შემდეგ, რომ აშშ კვლავ უჭერს მხარს საქართველოს და უკრაინის ნატოში ინტეგრაციას.

”მე დღეს კვლავ დავადასტურე – ჩვენ შეხვედრებზე უკრაინასთან და საქართველოსთან – აშშ-ის მტკიცე მხარდაჭერა თითოეული ამ ქვეყნის მიმართ, რომლებიც ნატოსკენ ისწრაფვიან და ასევე ჩვენი ძლიერი მხარდაჭერა ვიმუშავოთ მათთან ნატოს ფარგლებში, რათა ნათელი მოვფინოთ იმას, რომ ისინი არ უნდა იყვნენ რუსეთის დაშინების ან აგრესიის სამიზნეები,” – განაცხადა მან.

მისი თქმით, ნატო-რუსეთის საბჭოს ფარგლებში რუსეთთან აღდგენილი კონტაქტებს ალიანსი გამოიყენებს, რათა მოხდეს იმ საკითხების განხილვაც, რომელზეც უთანხმოება კვლავაც რჩება, კერძოდ კი საქართველოსთან მიმართებაში. მან ასევე განაცხადა, რომ ეს საშუალება ასევე იქნება გამოყენებული როგორც პლატფორმა შემდგომი თანამშრომლობისთვის იმ სფეროებში, სადაც რუსეთს და ნატო-ს საერთო ინტერესები გააჩნიათ, მათ შორის ავღანეთის მიმართულებით სატრანზიტო საკითხებზე და ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობზე.

”არსებობს ერთნაირად სერიოზული საკითხები, რომლის შესახებაც არ უნდა შევწყვითოთ საუბარი რუსეთთან. არა მგონია, რომ შესაძლებელი იყოს დასაჯო რუსეთი იმით, რომ აღარ ესაუბრო მას ისეთ საკითხებზე, როგორიცაა ენერგომომარაგების ბოროტად გამოყენება ან ეუთოს მიერ დაყენებული მოთხოვნების არშესრულება და სხვა საკითხები, რომლებიც ეხება მათ ქმედებებს საქართველოსთან მიმართებაში,” – განაცხადა კლინტონმა.

”ვფიქრობ, რომ საჭიროა აქტიურად დავაყენოთ იმ უთანხმოებების საკითხები, რომლებიც არსებობს და ამავე დროს, ვეძებოთ შეხების წერტილები იქ, სადაც ეს შესაძლებელია. სწორედ ამის გაკეთებას ვაპირებთ. მჯერა, რომ ჩვენს მოკავშირეებს ესმით ეს. მათ კარგად იციან, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს მათ და მათ ეროვნულ მისწრაფებებს,” – დასძინა მან. 

საქართველოს საგერეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ნატო-საქართველოს კომისიის შეხვედრის შემდეგ, გრიგოლ ვაშაძემ ჰილარი კლინტონთან გამართა შეხვედრა.
  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button