
პარლამენტმა ეროვნული ბანკის საბჭოს ახალი წევრი დაამტკიცა
დღეს პარლამენტმა 86 ხმით მხარი დაუჭირა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად გიორგი ქადაგიძის არჩევას.
გიორგი ქადაგიძე 2008 წლის აპრილიდან საქართველოს საფინანსო ზედამხედველობის სააგენტოს უფროსი იყო. 2007 წლის ნოემბერში კი ის ეროვნულმა ბანკმა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის კუთვნილი ”სტანდარტ ბანკის” დრობითი ადმინისტრაციის ხელმძღვანელად დანიშნა.
საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა გიორგი თარგამაძემ არ გამორიცხა, რომ ქადაგიძემ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის თანამდებობა დაიკავოს.
ეს პოსტი 2007 წლის სექტემბრიდან არის ვაკანტური მას შემდეგ, რაც ყოფილმა პრეზიდენტმა რომან გოცირიძემ თანამდებობა ”პოლიტიკური გარემოებების” გამო დატოვა. ამჟამად ბანკის პრეზიდენტობის მოვალეობას დავით ამაღლობელი ასრულებს.
კანონის მიხედვით, ეროვნული ბანკის პრეზიდენტი 9-წევრიანი საბჭოდან ირჩევა და მას ქვეყნის პრეზიდენტი ამტკიცებს. ეროვნულ ბანკს შარშან გაზაფხულზე განხორციელებული კანანონმდებლო ცვლილებების შედეგად უფლებამოსილება შეეკვეცა.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)