
ეუთოს თავმჯდომარე მიესალმება ცხინვალის გაზმომარაგების განახლებას
ეუთოს მოქმედმა თავმჯდომარემ, საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დორა ბაკოიანისმა განაცხადა, რომ იგი მიესალმება ცხინვალის გაზმომარაგების აღდგენას და დასძინა, რომ ეუთო განაგრძობს სხვა ჰუმანიტარულ გამოწვევებთან, მათ შორის წყალმომარაგების პრობლემასთან გამკლავებას.
”მინდა შევაქო მხარეები მათი კონსტრუქციული მიდგომის გამო, რამაც შესაძლებელი გახადა ამ სერიოზული ჰუმანიტარული პრობლემის მოგვარება,” – განაცხადა ბაკოიანისმა 25 იანვარს გავრცელებულ განცხადებაში, ”ეს ნათლად წარმოაჩენს იმ სასიცოცხლო როლს, რომელსაც ეუთო თამაშობს თანამშრომლობის გაძლიერებისა და რეგიონში უსაფრთხოების და სტაბილურობის დამყარების საქმეში… რეგიონის კიდევ ერთ სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემას წყალმომარაგება წარმოადგენს. ეუთოს თავმჯდომარე ქვეყანა, საბერძნეთი აპირებს წყალმომარაგების ინფრასტრუქრის შეფასებას, როგორც კი ამის შესაძლობას ამინდი მოგვცემს”.
სეპარატისტული სამხრეთ ოსეთის გაზმომარაგება მას შემდეგ აღდგა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ აგარა-ცხინვალის გაზსადენი შეაკეთა და გაზის მიწოდებაზე ნებართვა გასცა. ეუთომ პრეს-რელიზში განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი მას შემდეგ გადაიდგა, რაც ეუთოს მოქმედი თავმჯდომარის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხარალამპოს ხრისტოპულოსმა ინტენსიური კონსულტაციები გამართა თბილისსა და ცხინვალში 12-13 იანვარს.
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)