skip to content
ახალი ამბები

ბაღაფში აღშფოთებულია ენგურჰესზე რუსულ-ქართული გარიგების გამო

აფხაზეთის ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა განაცხადა, რომ იგი აღაშფოთა იმ მემორანდუნმა, რომელსაც საქართვლომ და რუსულმა კომპანია ”ინტერ რაომ” მოაწერეს ხელი ენგურის ჰიდროელექტროსადგურთან დაკავშირებით, იტყობინება ”აფსნიპრესი”.

დეკემბრის ბოლოს საქართველომ და რუსეთის სახელმწიფო კომპანიამ ხელი მოაწერეს ურთიერთგაგების მემორანდუმს ენგურის ჰიდროელექტროსადგურის ერთობლივი მართვის თაობაზე. თუმცა, მხარეებს ჯერ არ მოუწერიათ ხელი იურიდიულად სავალდებულო დოკუმენტისთვის. 

”საქართველოს შეუძლია კვლავაც გააკეთოს განცხადებები, რომ ის არის  აფხაზეთის ტერიტორიაზე არსებული ყველა ობიექტის მფლობელი, მაგრამ სინამდვილეში ეს ასე არ არის,” – განაცხადა ბაღაფშმა 19 იანვარს სეპარატისტული რეგიონის ენერგოსექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე, ”ენგურის ჰიდროელექტროსადგური ჩვენს ტერიტორიაზე მდებარეობს და ჩვენ გვეკუთვნის და არც ერთ შეთანხმებას ან გარიგებას, რომელსაც ჩვენს ზურგს უკან მოეწერება ხელი ჩვენი ინტერესების გათვალისწინების გარეშე, არ ექნება რაიმე ძალა”.

”ჩვენ მზად ვართ მოლაპარაკებები გავმართოთ ”ინტერ რაო”-სთან თანამშრომლობის შესახებ, მაგრამ ხელს არ მოვაწერთ რაიმე შეთანხმებას რომელიც ჩვენ ინტერესებს არ შეესაბამება,” – დასძინა ბაღაფშმა.

აფხაზეთის სახელმწიფო ენერგოკომპანიის ”ჩერნომორენერგოს” ხელმძღვანელმა რეზო ზანტარიამ განაცხადა, რომ ”ინტერ რაომ” არც აცნობა აფხაზურ მხარეს საქართველოსთან გაფორმებული მემორანდუმის თაობაზე.

ენგურჰესის კაშხალი საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზეა, ხოლო ელექტროსადგური ადმინისტრაციული საზღვრის აფხაზურ მხარეს მდებარეობს, საიდანაც ყოველწლიურად აფხაზეთი 1,2 მილიარდ კვტ ელექტროენერგიას იღებს.

"ჩერნომორენერგოს" ხელმძღვანელმა ასევე განაცხადა, რომ წარსულში აფხაზური მხარე სთავაზობდა ”ინტერ რაოს” ენგურჰესის აქციების 49%-ს, თუმცა რუსულ კომპანიას, მისი თქმით, საკონტროლო პაკეტი – სულ ცოტა 51% უნდოდა. ”აფხაზური მხარე უნდა იყოს ენგურჰესის საკონტროლო პაკეტის მფლობელი,” – განაცხადა რეზო ზანტარიამ.

”აფსნიპრესი” ასევე იტყობინება, რომ ”ინტერ რაოს” თავმჯდომარე ევგენი დოდი 20 იანვარს სოხუმში აპირებს ჩასვლას და აფხაზეთის სეპარატისტულ ხელისუფლებასთან მოლაპარაკებების გამართვას.

იმავდროულად, ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ მოუწოდა ხელისუფლებას საჯარო გახადოს რუსულ კომპანიასთან ხელმოწერილი მემორანდუმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა ალექსანდრე ხეთაგურმა განაცხადა, რომ მემორანდუმი საჯარო არ არის და გაფორმების შემთხვევაში, მხოლოდ ხელშეკრულება გახდება საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი.

”ვაფრთხილებთ რუსეთის ხელისუფლებას, რომ ნებისმიერ შეთანხმებას და ხელშეკრულებას, რომელსაც ხელი მოეწერება ენგურის მართვასთან დაკავშირებით, თუ ეს იქნება ქართველი ხალხის ზურგს უკან გაკეთებული, არ ექნება ლეგიტიმაცია და იქნება გაუქმებული,” – განაცხადა გამყრელიძემ 20 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე.

 

 

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button